გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 22-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „ჰამბურგმა“ ერთ-ერთ კონკურენტ „ჰაიდენჰაიმს“ 2:0 მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა.
ტიმ ვალტერის გუნდი კარგ ფორმაშია და ქართველი ფეხბურთელის სათამაშო დროც იზრდება. „ჩაკვემ“ ამჯერად 66-ე წუთიდან ითამაშა და საგოლე კომბინაციაში არ მიუღია მონაწილეობა, მაგრამ ძალიან კარგად ითამაშა.
გიორგის ბურთი პრაქტიკულად არ დაუკარგავს, ყოველთვის ტექნიკურად, ეფექტურად და რაც მთავარია სწორად თამაშობდა. ამიტომაც იყო, რომ რამდენჯერმე „ვოლკპარკშტადიონზე“ შეკრებილი პუბლიკის ოვაციები რამდენჯერმე დაიმსახურა, რაც მიანიშნებს, რომ გერმანული გუნდის ძალიან მომთხოვნი ფანები მას იმედიანად უყურებენ.
ჩაკვეტაძის თამაში სტატისტიკის ვებგვერდებმა მაღალი ქულით შეაფასეს. Whoscored-მა მას 7, ხოლო Sofascore-მ 7.2 ქულა დაუწერა. HSV-მ სონი კიტელის დუბლით მოიგო, რომელმაც ანგარიში 63-ე წუთზე გახსნა, ხოლო 77-ე წუთზე პენალტით სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
„ჰამბურგს“ 22 ტურის შემდეგ 40 ქულა აქვს და მეორე ადგილზე აინაცვლა, ლიდერ „ვერდერს“ მხოლოდ ქულით ჩამორჩება, მაგრამ ამ ტურის მატჩები ჯერ არ ჩაუტარებიათ „დარმშტადტს“, „ზანკტ პაულის“ და „შალკეს“, რომლებიც იქვე არიან, მესამე-მეხუთე პოზიციებზე. ტიმ ვალტერის გუნდი მომდევნო ტურში 19 თებერვალს, „ზანდჰაუზენს“ ესტუმრება.
დღესვე, დრეზდენის "დინამო" სტუმრად "პადერბორნს" უგოლოდ დაუზავდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების მცველ გურამ გიორბელიძეს ისევ არ უთამაშია - 90 წუთი თადარიგში დარჩა. მას გერმანულ გუნდში ძალიან მწირი სათამაშო დრო აქვს და საიჯარო კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დიდი ალბათობაა, რომ გუნდი დატოვოს.