გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 21-ე ტურში „ჰამბურგმა“ ბუნდესლიგის საგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი და გათამაშების ლიდერი „დარმშტადტი“ სტუმრად 5:0 გაანადგურა!
რაც მთავარია, შედგა გიორგი ჩაკვეტაძის ოფიციალური დებიუტი. ქართველი ფეხბურთელი თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო, როცა მისი გუნდი 4:0-ს იგებდა და მწირი დროიდან გამომდინარე საკმაოდ აქტიურიც იყო. აღსანიშნავია, ტიმ ვალტერის გუნდი მე-13 წუთისთვის უკვე 3:0-ს იგებდა, რასაც მატჩამდე ბევრი ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა.
„ჰამბურგმა“ ამ გამარჯვებით 37 ქულა დააგროვა, მეოთხე ადგილზე აღზევდა და ლიდერს უკვე მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება, მეორე-მესამე-ადგილოსნებს „ზანქტ პაულსა“ და „ვერდერს“ კი - მხოლოდ ქულით. HSV მომდევნო ტურში, 12 თებერვალს, შინ კიდევ ერთ კონკურენტ „ჰაიდენჰაიმს“ შეხვდება, რომელსაც ასევე 37 ქულა აქვს (როგორც „შალკეს“). მოკლედ, ბუნდესლიგაში გადასვლისთვის ძალიან დაძაბული ბრძოლაა გაჩაღებული.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ დრეზდენის „დინამო“ შინ როსტოკის „ჰანზასთან“ 1:4 დამარცხდა (მე-18 წუთზე 0:4-ს აგებდა), გურამ გიორბელიძე კი 90 წუთი სათადარიგო სკამზე იყო. „დინამოს“ 24 ქულით მე-13 ადგილი უკავია და 12 თებერვალს, „პადერბორნს“ დაუპირისპირდება.