ფეხბურთი

17:34 | 28.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავამ "ანორთოსისი" დატოვა

„აპოელის“ მატჩზე დასწრება და გიორგი ქვილითაიას გოლის შემდეგ ღიმილი ნიკა კაჭარავას კლუბის გარეშე დარჩენის ფასად დაუჯდა. როგორც დააანონსებული იყო, „ანორთოსისმა“ ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუწყვიტა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

კაჭარავა გურამ კაშიასთან ერთად „აპოელი“ – „ომონიას“ შეხვედრას დაესწრო და როცა ქვილითაიამ გოლი გაიტანა, კაშიამ ძალიან ემოციურად იზეიმა, რაზეც კაჭარავას გაეცინა. ეს ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და „ანორთოსისის“ ფანებმა ნიკას გუნდიდან გაშვება მოითხოვეს, რადგან „აპოელი“ მათი მტერი გუნდია.

კაჭარავამ ფანებსაც და კლუბსაც ბოდიში მოუხადა, მაგრამ ამან სიტუაცია ვერ გამოასწორა და კლუბი დატოვა. კვიპროსული მედიის ცნობით, მას რამდენიმე პოლონური გუნდისგან ინტერესი უკვე აქვს.

ნიკა კაჭარავამ მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა, მთლიანობაში კი ანორთოსისში ჩატარებულ 62 თამაშში თავი 12-ჯერ გამოიჩინა.

0.113536