ფეხბურთი

23:40 | 17.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ამ გუნდებთან წარუმატებელი მატჩები გვქონდა და ყველაფრის გამოსწორების შანსი გვეძლევა"

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპს წილისყრა შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, რეალურია, რომ მიზნად ამ ჯგუფის მოგება დაისახონ.

"ყველა მოწინააღმდეგეს კარგად ვიცნობთ, რადგან ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე რამდენჯერმე შევხვდით. ჩრდილოეთ მაკედონია და ბულგარეთი ისეთი ნაკრებები არიან, ვისთანაც შეხვედრა გვსურდა. მათთან წარუმატებელი მატჩები გვქონდა და ამ ყველაფრის გამოსწორების შანსი გვეძლევა. კარგად ნაცნობი მეტოქეები არიან და ჩემი აზრით რეალურია, რომ მიზნად დავისახოთ ჯგუფის მოგება. საინტერესო თამაშები გველოდება, იმედი მაქვს შეხვედრები მაყურებელთან ერთად ჩატარდება", - თქვა კაშიამ.

კომენტარი გააკეთა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმაც:

"ვიცოდით, რომ ერთა ლიგის წინა გათამაშებასთან შედარებით უფრო ძლიერი ჯგუფი იქნებოდა. მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ჩვენი მიზანია ამ ჯგუფში გამარჯვება და პლეი-ოფში გასვლა. ვფიქრობ,რომ ძალიან საინტერესო მეტოქეები არიან. ბოლო თამაშები ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ბულგარეთთან ცუდად ვითამაშეთ. ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალში ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში დავმარცხდით, ასევე ბულგარეთში ამხანაგური თამაში წავაგეთ. ყველას მიზანია, რომ ეს გამოსწორდეს და წარმატებით ვითამაშოთ. ამ ყველაფრისთვის მოსამზადებლად ძალიან დაგვეხმარება მარტის თამაშები. ამხანაგური მატჩებისთვის შევარჩევთ ისეთ მეტოქეებს, რომლებიც თამაშის სტილით ახლოს არიან ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. დარწმუნებული ვარ, რომ კარგად მომზადებულები შევხვდებით ერთა ლიგის ახალ გათამაშებას", - განაცხადა იაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგაზე ასპარეზობას 2 ივნისს, გიბრალტართან მატჩით დაიწყებს. ჯგუფური ეტაპის კალენდარი შეგიძლიათ სრულად იხილოთ აქ.

0.126348