უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს ორმა ქართველმა ძალოსანმა იასპარეზა. 102 კგ წონით კატეგორიაში ფიცარნაგზე ირაკლი ჩხეიძე და ზაზა ლომთაძე გავიდნენ.
ორივე ძალოსანმა B ჯგუფში იასპარეზა და მედლებისთვის ვერ იბრძოლეს. ჩხეიძემ ატაცში 157 და 162 კგ დააფიქსირა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო აკვრაში 193 და 201 კგ-ს გაუმკლავდა, შედეგად ამ დისციპლინაში ჯგუფში პირველი შედეგი აჩვენა, ხოლო ორჭიდში მეორე იყო.
ზაზა ლომთაძემ ატაცში 151, 155 და 158 დაძლია და მე-5 ადგილი ერგო, აკვრაში 187 და 193 კგ დააფიქსირა და მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო ორჭიდში 351 კგ-ით ჯგუფში მესამე პოზიცია დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე რეზი დავითაძემ ვერცხლის, შოთა მიშველიძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრების ლიდერი ლაშა ტალახაძე ტაშკენტში 17 დეკემბერს იასპარეზებს.