ფეხბურთი

23:26 | 7.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი: "გოლის მომენტში ყველაფერი კარგად გამოვიდა"

ტულის „არსენალის“ ქართველმა ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა „ხიმკისთან“ (2:1) მატჩის შესახებ და თავის გოლზე Championat-თან კომენტარი გააკეთა. ქართველი შემტევის განცხადებით, მთავარი გამარჯვება იყო, გოლის მომენტში კი ყველაფერი კარგად გამოუვიდა.

„ხიმკისთან“ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. მანამდე ბევრი ქულა დავკარგეთ, ამიტომ, ახლა ყველა შეხვედრა უნდა მოვიგოთ. რთული მატჩი გამოდგა, 0:1 ვმარცხდებოდით, თუმცა, უპირატესობას და ინიციატივას ვფლობდით, მომენტები შევქმენით. ასეთ სიტუაციაში წაგება სრულიად უსამართლო იქნებოდა. კარგია, რომ მეორე ტაიმში ორჯერ გატანა და მოგება მოვახერხეთ. რა თქმა უნდა, ასეთი მატჩის შემდეგ ყველა ბედნიერი ვიყავით, მაგრამ ახლა ცსკა-სთან მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ.

ჩემი გოლი? უნდა ვთქვა, რომ ცოტა ხნით ადრე მე და ევანს კანგვამ ფლანგები გავცვალეთ. ის მარჯვნივ გადავიდა, მერე მოპირდაპირე მხარეს. ერთ-ერთ ეპიზოდში სიჩქარის აკრეფა მოვახერხე, ცენტრისკენ გადავინაცვლე და მაღალ კუთხეში დავარტყი. ყველაფერი კარგად გამოვიდა. შემდეგ კი ევანსმაც გაიტანა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოვიგეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ“, - თქვა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, დავითაშვილს მიმდინარე სეზონში უკვე 6 გოლი დაუგროვდა, აქედან ორი საქართველოს ნაკრებში (ბულგარეთთან და კოსოვოსთან), 4 კლუბში (3 პრემიერლიგაში „კრილია სოვეტოვთან“, „ზენიტთან“ და „ხიმკისთან“, ერთიც რუსეთის თასზე - ბრიანსკის დინამოსთან“). ვთქვათ ისიც, რომ რუსეთის პრემიერლიგის ერთ სეზონში 3 გოლი დავითაშვილმა კარიერაში პირველად გაიტანა, მიუხედავად იმისა, რომ იქ უკვე მესამე სეზონია თამაშობს. "ხიმკისთან" ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და რამდენიმე გამოცემის ვერსიით, რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურის სიმბოლურშიც მოხვდა.

„არსენალი“ სატურნირო ცხრილში 17 ტურის თავზე 19 ქულით მე-11 პოზიციაზეა და 11 დეკემბერს, მოსკოვში, ცსკა-ს ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112664