რუსეთის პრემიერლიგაში ტულის „არსენალის“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა შესანიშნავი გოლი გაიტანა. ქართველმა შემტევმა თავი „ხიმკისთან“ გამოიჩინა.
ზურიკომ შეუცვლელად ითამაშა და მეტოქის კარი 61-ე წუთზე დალაშქრა, რითაც ანგარიში გაათანაბრა - 1:1. დავითაშვილის გოლი ეფექტური გამოვიდა - სამი მცველის ალყაში იყო, მაგრამ მათ გასცდა და საჯარიმოს მისადგომებიდან მეკარეს შორეულ მაღალ კუთხეში გაუტანა. მართლაც, ლამაზი გოლი გამოდგა. „არსენალმა“ 87-ე წუთზე ევანს კანგვამ მოაგებინა (2:1) და ტულელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმეს. ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა და სპეციალური პრიზი გადასცეს.
დავითაშვილს მიმდინარე სეზონში უკვე 6 გოლი დაუგროვდა, აქედან ორი საქართველოს ნაკრებში (ბულგარეთთან და კოსოვოსთან), 4 კლუბში (3 პრემიერლიგაში „კრილია სოვეტოვთან“, „ზენიტთან“ და „ხიმკისთან“, ერთიც რუსეთის თასზე - ბრიანსკის დინამოსთან“). ვთქვათ ისიც, რომ რუსეთის პრემიერლიგის ერთ სეზონში 3 გოლი დავითაშვილმა კარიერაში პირველად გაიტანა, მიუხედავად იმისა, რომ იქ უკვე მესამე სეზონია თამაშობს.
„არსენალი“ სატურნირო ცხრილში 17 ტურის თავზე 19 ქულით მე-11 პოზიციაზეა და 11 დეკემბერს, მოსკოვში, ცსკა-ს ესტუმრება.