ფეხბურთი

13:13 | 12.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია ხვიჩაზე: "მალდინი აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს და დღეიდან ალბათ იბრაც"
"ქართველმა ფენომენმა კვლავ იფეთქა, ამჯერად მისი უდიდებულესობის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის თვალწინ"

საქართველოსა და შვედეთის ნაკრებთა მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია წამყვანი ევროპული გამოცემების ყურადღების ცენტრში ისევ მოხვდა. ეს გასაკვირი არ არის, რადგან მან სკანდინავიელთა წინააღმდეგ ფანტასტიკურად ითამაშა და დუბლი შეასრულა.

ქართველი ფეხბურთელის შესახებ მორიგი წერილი ამჯერად იტალიურმა Calciomercato-მ გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ კვარაცხელიამ იბრაჰიმოვიჩის თვალწინ იფეთქა. როგორც წერილშია აღნიშნული, "მილანის" ხელმძღვანელები პაოლო მალდინი და ფრედერიკ მასარა აგრძელებენ სიტუაციის მონიტორინგს, დღეიდან კი შესაძლოა იბრაჰიმოვიჩიც.

„ქართველმა ფენომენმა კვლავ იფეთქა, ამჯერად მისი უდიდებულესობის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის თვალწინ. ხვიჩა კვარაცხელიამ „მილანის“ ვარსკვლავის შვედეთი ჯოჯოხეთში გაგზავნა, სკანდინავიელთათვის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტ მატჩში. ისინი ბათუმში 0:2 მარცხის შემდეგ სერიოზული საფრთხის წინაშე არიან, რომ პლეი-ოფში მუნდიალის საგზური დაკარგონ, თუ კვირას ესპანეთის წინააღმდეგ სენსაციურ გამარჯვებას არ მოიპოვებენ.

დუბლი იბრას წინაშე - ყაზანის რუბინის 20 წლის ფეხბურთელის „ბრალით“, მდიდრული მატჩის ავტორი, რომელიც დაგვირგვინდა ბრწყინვალე დუბლით და რომელმაც ანდერსონის გუნდი გაანადგურა 61-ე და 77-ე წუთებზე. ცეცხლოვანი 16 წუთი შემტევი გარემარბისთვის, რომელმაც გოლების გატანაც იცის. 20 წლის შემტევმა „მილანის“ ლიდერის წინაშე შესანიშნავი წარმოდგენა შექმნა. მას აქამდე რუსეთის ჩემპიონატში ფენომენალური სეზონი არ ჰქონდა, მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი, მაგრამ ორი გოლი, რომელმაც იბრა „დასაჯა“, რა თქმა უნდა, აუცილებლად იწვევს აჟიოტაჟს.

მაისის ბოლოს მამამისმა აღიარა, რომ მას ევროპაში წასვლის სურვილი ჰქონდა და საქართველოში ისიც ითქვა, რომ კახა კალაძეც იყო ტრანსფერში ჩარეული. კვარაცხელია „როსონერის“ ბლოკნოტში გარკვეული პერიოდი იყო, მაგრამ 18-20 მილიონი ევროს მოთხოვნამ და არაევროკავშირის პასპორტმა გარიგება გააგრილა.

ის „ტოტენჰემსაც“ ძალიან მოსწონს, მაგრამ ასევე „ლევერკუზენს“ და „გლადბახს“. მალდინი და მასარა კი აგრძელებენ სიტუაციის მონიტორინგს და შესაძლოა - დღეიდან იბრაც...“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ პროფესიონალურ კარიერაში დუბლი პირველად შეასრულა. მას საქართველოს ნაკრებში შესანიშნავი სტატისტიკა აქვს - 11 მატჩი და 5 გოლი. მათ შორის, 4 მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გაიტანა.

0.065138