ფეხბურთი

3:16 | 12.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

GAZZETTA DELLO SPORT: "კვარაცხელია ევროპიდან ზარს ელოდება და მასზე საუბარი გარდაუვალია!"
"მან შვედეთის ნაკრების ლიკვიდაცია მოახდინა და ესპანეთს შანსი მისცა"

საქართველოსა და შვედეთის ნაკრებთა მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია წამყვანი ევროპული გამოცემების ყურადღების ცენტრში ისევ მოხვდა. ეს გასაკვირი არ არის, რადგან მან სკანდინავიელთა წინააღმდეგ ფანტასტიკურად ითამაშა და დუბლი შეასრულა.

ერთ-ერთი გამოცემა, რომელმაც ხვიჩას საინტერესო წერილი მიუძღვნა, იტალიური Gazzetta Dello Sport-ია, რომლის სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება „მილანის“ ინტერესზეა გამახვილებული. იტალიურ გამოცემას ეჭვი არ ეპარება - ამ დუბლის შემდეგ ხვიჩაზე საუბარი უბრალოდ გარდაუვალია.

„სულ რაღაც 20 წლის ასაკში ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების ლიდერი გახდა. ყოველ სანაკრებო პაუზაზე 2001 წელს დაბადებული ტალანტი, რომლითაც გარკვეული დროის განმავლობაში "მილანი" მძაფრად იყო დაინტერესებული, სცენაზე დგას და ევროპული გრანდების ზარს ელის.

ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელმა შვედეთის ნაკრების ლიკვიდაცია მოახდინა, რითაც ესპანეთს მისცა შესაძლებლობა B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდეს. მისი საქართველო პლეი-ოფის შანსის გარეშეც იყო, მაგრამ მაინც გადამწყვეტ მატჩში ბრწყინავდა და შვედეთი წააქცია.

გოლები - კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე თამაშობს, ისევე, როგორც „რუბინში“. თუმცა, პირველი გოლი უფრო საჯარიმოს სტილის ფეხბურთელის იყო, ვიდრე გარემარბის. საჯარიმოს შემდეგ რობინ ოლსენის მოგერიებულ ბურთზე პირველი იყო და კარიდან რამდენიმე ნაბიჯიდან გაიტანა. მეორეში კი მისი უნარი უფრო წარმოჩინდა - სივრცეების ათვისებით გოლის გატანის მცდელობა. ის შვედეთის ნაკრების დაცვაში სიღრმიდან შეიჭრა, ოლსენთან პირისპირ აღმოჩნდა და მარცხენა ფეხით დაარტყა. კვარაცხელიას რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჯერ მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი, მაგრამ ამ დუბლის შემდეგ მასზე საუბარი აუცილებლად იქნება და „მილანი“ კვლავ გააგრძელებს ყურადღებით დაკვირვებას.

მის შესახებ - ხვიჩას აღზევება იწყება სამშობლოში, „დინამო თბილისში“, ისევე, როგორც ყოფილი „როსონერო“ კახა კალაძე, რომელთანაც ალბათ უკვე ისაუბრა მილანური სამყაროს უკეთ გასაცნობად. „რუბინმა“ ის 2019 წლის ზაფხულში დაიმატა, მას შემდეგ, რაც ახლოდან ნახა, როცა „ლოკომოტივში“ იჯარით თამაშობდა. იმ მომენტიდან მოყოლებული რუსეთის ჩემპიონატში მის ანგარიშზე 8 გოლი, 7 საგოლე პასი და ბევრი თვალისმომჭრელი თამაშია. კვარაცხელია 1.83 სმ სიმაღლის ფეხბურთელია, მაგრამ სწრაფი და ელექტური გარემარბი, რომელიც მარცხნიდან იწყებს შეტევას და უყვარს მეტოქეზე პირდაპირ დრიბლინგის მცდელობა.

გასულ სეზონში მან თამაშში საშუალოდ 3.5 დრიბლინგი დააფიქსირა. სასიამოვნო სანახავია, დიახ, მაგრამ ეფექტიანიც არის. როგორც ამის დემონსტრირება საქართველოს ნაკრებში მოახერხა, მას აქვს საგოლე ალღო და იცის, როდის უნდა დაარტყას. ის ძალიან მორწმუნეა, ინსტაგრამზე მის აღწერაში წერია: „ყოველთვის ღმერთის უნდა გწამდეს“. ფეხბურთისადმი უსაზღვრო გატაცება აქვს, ვინც მას იცნობს, ამბობს, რომ ბავშვივითაა, რომელიც დასაძინებლად ჯერ კიდევ ბურთთან ერთად მიდის და მას ახლოს ინახავს.

ევროპულ გრანდებს ელოდება - ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში დასახელდა რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად, მას კონტრაქტი 2024 წელს ეწურება და დაახლოებით 20 მილიონი ევრო ღირს. პიოლის „მილანისთვის“ იდეალური გაძლიერება იქნებოდა, იქედან გამომდინარე, რომ ორივე ფლანგზე მარტივად თამაშობს. თუმცა, მას სხვა ევროპული ტოპგუნდებიც აკვირდებიან და მომავალში ეცდებიან მის შეძენას. ამ ეტაპზე ხვიჩა აგრძელებას მოჯადოებას თავის საქართველოსა და „რუბინში“, ელოდება შესაბამის ზარს, შესაძლოა, იტალიური პრეფიქსით“, - წერს გავლენიანი გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ პროფესიონალურ კარიერაში დუბლი პირველად შეასრულა. მას საქართველოს ნაკრებში შესანიშნავი სტატისტიკა აქვს - 11 მატჩი და 5 გოლი. მათ შორის, 4 მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გაიტანა.

0.065456