უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მეორე საშეჯიბრო დღეს 6 მედალი მოიპოვა!
მათ შორის, ევროპის 23-წლამდე ჩემპიონის ტიტულს ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე დაეუფლნენ, სოფიო სომხიშვილმა და ვლადიმერ ახალკაცმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხოლო გიორგი ჩიქოვანი და გელა ზაალიშვილი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.
81 კგ წონით კატეგორიაში ქართველი ფინალი შედგა და ტატო გრიგალაშვილი ვლადიმერ ახალკაცს შეხვდა. გრიგალაშვილი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მეორე წრეში სლოვაკ ალექს ბარტოს აჯობა, რასაც რუს გეორგი ელბაკიევთან გამარჯვება მოჰყვა. ნახევარფინალში ქართველმა მოლდოველ კატალინ მარიანს მოუგო და ფინალში თანამემამულის წინააღმდეგ იბრძოლა, ვაზარით მოიგო და 23-წლამდე ევროპის ჩემპიონი გახდა.
ახალკაცმა კი, რომელიც ვერცხლის მედალს დაეუფლა, სლოვენიელ ტიმ დემსარს მოუგო, მერე თურქ მუჰამედ კოჩს აჯობა, მერე იტალიელი ჯაკომო გამბა და უნგრელი ბენედეკ ტოტი დაამარცხა და ფინალში ტატოს წინააღმდეგ, როგორც ვთქვით, მარცხი განიცადა.
100 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ილია სულამანიძემ, რომელმაც შვეიცარიელი დანიელ ეიხი დაამარცხა, ნახევარფინალში კი ქართულ დუელში გიორგი ჩიქოვანს მოუგო. ფინალში ილიას მეტოქე უნგრელი შომბორ ვეგი იყო, რომელსაც იპონით აჯობა. თავის მხრივ, ჩიქოვანი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. მან ნახევარფინალში სულამანიძესთან მარცხამდე რუმინელი ედუარდ სერბანი დაამარცხა, ბრინჯაოსთვის კი ფრანგ კენი ლივეზესთან იპონით მოიგო.
+100 კგ წონით კატეგორიაში ორი ქართველი ძიუდოისტი ტატამიზე ბრინჯაოსთვის გავიდა. გელა ზაალიშვილმა ფრანგ ამადუ მეიტეს მოუგო, მაგრამ რუს ვალერი ენდოვიცკისთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ხორვატ მარსელ სკალეცს სძლია და ბრინჯაოსთვის მარიუს ფიზელს შეხვდა, რომელსაც იპონით მოუგო და მედალს დაეუფლა. ზუსტად იგივე გზა განვლო საბა ინანეიშვილმა, რომელმაც ჯერ გერმანელ ივო ვიტასეკს კი მოუგო, მაგრამ აწ ნახსენებ მარიუს ფიზელთან დამარცხდა, მერე რეპეშაჟში ისრაელის წარმომადგენელი სერაფიმ კომპანიეზი დაამარცხა და ბრინჯაოსთვის გერმანელ იონად შრეიბერთან იბრძოლა, მაგრამ დამარცხდა და უმედლოდ დარჩა. 90 კგ წონით კატეგორიაში ნიკა ხარაზიშვილმა პირველივე წრეში გერმანელ იოჰან ლენცთან წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.
ქალთა შორის, მედლის შანსი ჰქონდა მარიამ ჭანტურიას (70 კგ), რომელიც ნახევარფინალამდე მივიდა. მარიამმა გერმანელი ფრედერიკე სტოლზე და ხორვატი ანდელა ვიოლიცი დაამარცხა, იტალიელ ირენე პედროტისთან კი წააგო. ბრინჯაოსთვის ის პოლონელ ელიზა ვრობლევსკას დაუპირისპირდა და იპონით დამარცხდა, შესაბამისად, კვარცხლბეკზე ვერ ავიდა. ამავე წონაში იასპარეზა ნინო გულბანმა, რომელიც პირველივე წრეში ისრაელის წარმომადგენელ შაკედ ამიჰაისთან წააგო.
+78 კგ წონით კატეგორიაში კი ოქროს მედლისთვის იბრძოდა სოფიო სომხიშვილი, რომელმაც რუსი დარია ვლადიმიროვა, ლიეტუველი იუსტინა კმიელიაუსკაიტე და თურქი კუბრანურ ესირი დაამარცხა. ფინალში სოფიო გერმანელ ელისაბეტ პფლუგბეილს შეხვდა და იპონით მარცხი განიცადა, შესაბამისად, ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ამრიგად, დღეს 10 ქართველი მონაწილიდან 8 ფინალურ ბლოკში გავიდა, ექვსმა კი მედალი მოიპოვა, რაც დიდებული შედეგია. გუშინ, შეჯიბრის პირველ დღეს ალეკო მამიაშვილმა ვერცხლის და გიორგი თუთაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საქართველოს ასპარეზობა 8 მედლით დაასრულა - 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. აქვე გეტყვით, რომ კვირას კი გუნდური შეჯიბრება გაიმართება.