ძიუდო

19:04 | 6.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატი ძიუდოში: 8 ქართველი ფინალურ ბლოკში!

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე ფანტასტიკურად ასპარეზობს საქართველოს ნაკრები და ფინალურ ბლოკს ერთბაშად 8 ქართველმა ძიუდოისტმა უწია.

81 კგ წონაში, საერთოდაც ქართული ფინალია, ასევე ფინალისტი გვყაქვს 100 კგ-ში და ქალთა შორის +78 კგ-ში.

81 კგ წონით კატეგორიაში ქართველი ფინალი შედგება და ტატო გრიგალაშვილი ვლადიმერ ახალკაცს შეხვდება. გრიგალაშვილი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მეორე წრეში იყო სლოვაკ ალექს ბარტოს აჯობა, რასაც რუს გეორგი ელბაკიევთან გამარჯვება მოჰყვა. ნახევარფინალში ქართველმა მოლდოველ კატალინ მარიანს მოუგო და ფინალში თანამემამულის წინააღმდეგ იბრძოლებს.

ახალკაცმა სლოვენიელ ტიმ დემსარს მოუგო, მერე თურქ მუჰამედ კოჩს აჯობა, რასაც იტალიელი ჯაკომო გამბა და უნგრელი ბენედეკ ტოტი დაამარცხა და ფინალში ტატოს წინააღმდეგ წარსდგება.

100 კგ წონით კატეგორიაში ფინალშია ილია სულამანიძე, რომელმაც შვეიცარიელი დანიელ ეიხი დაამარცხა, ნახევარფინალში კი ქართულ დუელში გიორგი ჩიქოვანს მოუგო. ფინალში ილიას მეტოქე უნგრელი შომბორ ვეგი იქნება. თავის მხრივ, ჩიქოვანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის. მან ნახევარფინალში სულამანიძესთან მარცხამდე რუმინელი ედუარდ სერბანი დაამარცხა, ბრინჯაოსთვის კი ფრანგ კენი ლივეზესთან მოუწევს გაჯიბრება.

+100 კგ წონით კატეგორიაში ორი ქართველი ძიუდოისტი ტატამიზე ბრინჯაოსთვის გავა. გელა ზაალიშვილამ ფრანგ ამადუ მეიტეს მოუგო, მაგრამ რუს ვალერი ენდოვიცკისთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ხორვატ მარსელ სკალეცს სძლია და ბრინჯაოსთვის მარიუს ფიზელს შეხვდება. ზუსტად იგივე გზა განვლო საბა ინანეიშვილმა, რომელმაც ჯერ გერმანელ ივო ვიტასეკს კი მოუგო, მაგრამ აწ ნახსენებ მარიუს ფიზელთან დამარცხდა, მერე რეპეშაჟში ისრაელის წარმომადგენელი სერაფიმ კომპანიეზი დაამარცხა და ბრინჯაოსთვის გერმანელ იონად შრეიბერთან იბრძოლებს. 90 კგ წონით კატეგორიაში ნიკა ხარაზიშვილმა პირველივე წრეში გერმანელ იოჰან ლენცთან წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

ქალთა შორის, მედლის შანსი აქვს მარიამ ჭანტურიას (70 კგ), რომელიც ნახევარფინალამდე მივიდა. მარიამმა გერმანელი ფრედერიკე სტოლზე და ხორვატი ანდელა ვიოლიცი დაამარცხა, იტალიელ ირენე პედროტისთან კი წააგო. ბრინჯაოსთვის ის პოლონელ ელიზა ვრობლევსკას დაუპირისპირდება. ამავე წონაში იასპარეზა ნინო გულბანმა, რომელიც პირველივე წრეში ისრაელის წარმომადგენელ შაკედ ამიჰაისთან დამარცხდა.

+78 კგ წონით კატეგორიაში კი ოქროს მედლისთვის იბრძვის სოფიო სომხიშვილი, რომელმაც რუსი დარია ვლადიმიროვა, ლიეტუველი იუსტინა კმიელიაუსკაიტე და თურქი კუბრანურ ესირი დაამარცხა. ფინალში სოფიო გერმანელ ელისაბეტ პფლუგბეილს შეხვდება.

ამრიგად, დღეს 10 ქართველი მონაწილიდან 8 ფინალურ ბლოკშია, რაც დიდებული შედეგია. გუშინ, შეჯიბრის პირველ დღეს ალეკო მამიაშვილმა ვერცხლის და გიორგი თუთაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, კვირას კი გუნდური შეჯიბრება გაიმართება.

0.137896