ჭიდაობა

20:56 | 10.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ ზოიძის ბრინჯაოს მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რამაზ ზოიძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

67 კგ წონით კატეგორიაში ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა ზოიძეს, რომელმაც იტალიის სახელით მოასპარეზე ზაურ კაბალოევი 11:2 და სერბი სებასტიან ნადი 8:1 დაამარცხა, ნახევარფინალში მისი მეტოქე ირანელი მოჰამადრეზა აბდოლჰამიდ გერაეი იყო, რომელთანაც ძალზე დაძაბულ ბრძოლაში 6:7 დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის რამაზი აზერბაიჯანელ ჰასრატ ჯაფაროვს დაეჭიდა და უპრობლემოდ, წუთანხევარში 8:0 მოუგო. შედეგად, საქართველოს მეოთხე მედალი მოუტანა.

დღესვე, ვერცხლის მედალს დაეუფლა ლერი აბულაძე. 63 კგ წონით კატეგორიაში აბულაძემ ყაზახი სულტან ასეტული 5:4 და იაპონელი კენსუკე შიმიზუ 5:4 დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა. ლერი ფინალის საგზურისთვის უნგრელ ერიკ ტორბას დაეჭიდა, რომელსაც იოლად, 7:1 აჯობა და ფინალში გავიდა, სადაც ოქროს მედლისთვის იბრძოლა. მისი მეტოქე ირანელი მეისამ კარამალი დალხანი იყო, რომელთანაც ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 4:5 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. არადა აბულაძე 4:3-ს იგებდა და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს გახლდათ.

დღეს ხალიჩაზე კიდევ ერთი ქართველი გავა - ლაშა გობაძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების აქტივში ამ დროისთვის ოთხი მედალია. აბულაძისა და ზოიძის გარდა, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ).

0.124213