ჭიდაობა

20:38 | 10.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლერი აბულაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ლერი აბულაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

63 კგ წონით კატეგორიაში ლერი აბულაძემ ყაზახი სულტან ასეტული 5:4 და იაპონელი კენსუკე შიმიზუ 5:4 დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა. ლერი ფინალის საგზურისთვის უნგრელ ერიკ ტორბას დაეჭიდა, რომელსაც იოლად, 7:1 აჯობა და ფინალში გავიდა, სადაც ოქროს მედლისთვის იბრძოლა. მისი მეტოქე ირანელი მეისამ კარამალი დალხანი იყო, რომელთანაც ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 4:5 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. არადა აბულაძე 4:3-ს იგებდა და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს გახლდათ.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რამაზ ზოიძემ (67 კგ), რომელმაც აზერბაიჯანელ ჰასრატ ჯაფაროვს 8:0, აშკარა უპირატესობით სულ რაღაც წუთნახევარში მოუგო.

დღეს ხალიჩაზე კიდევ ერთი ქართველი გავა - ლაშა გობაძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების აქტივში ამ დროისთვის ოთხი მედალია. აბულაძისა და ზოიძის გარდა, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ).

0.113732