ლუქსემბურგში დასრულდა ძიუდოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომლის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველომ 4 მედალი მოიპოვა. ნიკა ხარაზიშვილი ოქროს დაეუფლა და ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა, ვერცხლი მოიპოვა საბა ინანეიშვილმა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ილია სულამანიძე და თორნიკე ფოლადაშვილი დაეუფლნენ.
90 კგ წონით კატეგორიაში ერთ ბადეში მოხვდნენ ნიკა ხარაზიშვილი და თორნიკე ფოლადაშვილი და ორივე მათგანი მეოთხედფინალამდე მივიდა. ხარაზიშვილმა თავიდან სლოვაკ ბენიამინ მატასეიეს აჯობა, ხოლო ფოლადაშვილმა ესტონელი პატრიკ როოსტფელტდი და ფრანგი მაქსიმ-გაელ ნაგიაპ ჰამბუ დაამარცხა. მეოთხედფინალში ქართველები ერთმანეთს შეხვდნენ და იპონით ხარაზიშვილმა მოიგო, რომელმაც მერე ნახევარფინალში უნგრელ პეტერ საფრანისსაც აჯობა და ფინალში ნიდერლანდელ ტიგო რენესს დაუპირისპირდა, რომელსაც მოუგო და ევროპის ჩემპიონი გახდა. ფოლადაშვილმა კი რეპეშაჟში გადაინაცვლა და თურქი აჰმეთ ცუჰადარის ბარიერი დაძლია. ბრინჯაოს მედლისთვის ის რუს იხვან ედილსულტანოვს შეხვდა, იმარჯვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ორი ქართველი იბრძოდა. მიხეილ ჯაფარიძემ ფრანგი ხამზარ საპარბაევი და ნიდერლანდელი ლარს ვისერსი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში უნგრელ შომბორ ვეგთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის პოლონელ მიხალ იედრეზევსკის გაეჯიბრა, მაგრამ წააგო და უმედლოდ დარჩა. ამავე წონაში, დიდებში მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ილია სულამანიძე ჯერ იტალიელ დანიელე აკოლის შეხვდა და იმარჯვა, ხოლო მერე პოლონელი მიხალ იედრეზევსკიც დაამარცხა, ნახევარფინალში კი, რუს მატვეი კანინოვსკისთან დამარცხდა. ილიამ ბრინჯაოს მედლისთვის სლოვაკ ვიქტორ ადამს მოუგო და საქართველოს მორიგი მედალი მოუტანა.
+100 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ოქროსა და ბრინჯაოს მედლის შანსი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ვერცხლი მოიპოვა. ფინალში იასპარეზა საბა ინანეიშვილი, რომელმაც ფინალამდე გერმანელი დანიელ უდსილაური, პოლონელი ვოიცეხ კორდიალიკი და უკრაინელი ოლექსი ჰალაკა დაამარცხა, ხოლო ფინალში უნგრელ რიჩარდ სიპოშთან, რომელმაც ნახევარფინალში ირაკლი დემეტრაშვილს აჯობა, წააგო და ვერცხლს დასჯერდა. დემეტრაშვილმა ნახევარფინალამდე მისვლა ფრანგი ტიემან დიაბისა და ბელგიელი ივეს ნდაოს ძლევით მოახერხა, მერე კი ბრინჯაოს მედლისთვის პოლონელ ვოიცეხ კორდიალიკს შეხვდა და მარცხი განიცადა.
დღესვე ქალთა შორის სალომე მაყიშვილი (+78 კგ) პირველივე წრეში იტალიელ აზია ტავანოსთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.
ამრიგად, საქართველომ ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი საქართველომ 5 მედლით დაასრულა - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. მანამდე ვერცხლის მედალს 60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი დაეუფლა.