ამერიკის ღია პირველობის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი დანიილ მედვედევს დაუპირისპირდება. სერბმა ჩოგბურთელმა 3 საათსა და 38 წუთში უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა ალექსანდერ ზვერევი.
პირველი სეტი ზვერევის იყო, რომელმაც რეიტინგის ლიდერს 6:4 აჯობა, ხოლო შემდეგ უპირატესობას „ნოლე“ დაუეფლა, 6:2, 6:4 იმარჯვა და სეტებში დაწინაურდა. თუმცა, ტოკიოს ოლიმპიური ჩემპიონი არ დანებდა და მეოთხე სეტში 6:4 მოიგო, რითაც ანგარიში გაათანაბრა. ეს ზვერევის მაქსიმუმი გამოდგა, რადგან ბოლო სეტში ნოვაკმა იოლად, 6:2 იმარჯვა და ოლიმპიადაზე განცდილი მარცხისთვის ზვერევთან სრულფასოვანი რევანში აიღო.
ჯოკოვიჩის მეტოქე მედვედევი იქნება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში ფელიქს ოჟიე-ალიასიმე ადვილად 6:4, 7:5, 6:2 დაამარცხა.
ჯოკოვიჩი ძალიან ახლოსაა რაფაელ ნადალსა და როჯერ ფედერერს დიდი სლემის ტიტულებით გადაასწროს. სამივე აქტივში 20-20 ტიტულია და შესაბამისად, სერბს ერთი გამარჯვება აშორებს სარეკორდო 21-ე დიდ სლემთან.
აქვე გეტყვით, რომ US Upen-ის ფინალი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზეა ჩანიშნული.