სხვა

16:27 | 4.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ტალახაძე ზედიზედ მეორედ ოლიმპიური ჩემპიონია და მსოფლიო რეკორდებიც დაამყარა!
ქართველი ძალოსანი ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა

ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია! ქართველმა ძალოსანმა +109 კგ წონით კატეგორიაში ყველას აჯობა, თანაც ადვილად, რაც მოსალოდნელი იყო და მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მეორე ოქრო და მეშვიდე მედალი მოუტანა. თვითონ კი რიოს შემდეგ ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

ტალახაძე ფიცარნაგზე რა თქმა უნდა, უკონკურენტო იყო. ქართველმა ძალოსანმა ატაცში პირველივე მოძრაობაზე სხვებზე უმჯობესი შედეგი დააფიქსირა (208 კგ) და უახლოეს მდევარ ალი დავოუდის 8 კგ-ით აჯობა. ამის შემდეგ ლაშამ მეორე ცდაზე 215 კგ დააფიქსირა, ხოლო მესამე ცდაზე 223 კგ-იანი შტანგაც დააფიქსირა და მსოფლიო რეკორდი (ისევე, როგორც ოლიმპიური) დაამყარა! ლაშამ რამდენიმე თვის წინ მის მიერვე დამყარებული მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა (222 კგ).

აკვრის შეჯიბრის წინ ქართველი ძალოსანი უახლოეს მდევარ დავოუდის 23 კგ-ით უსწრებდა და ნათელი იყო, რომ ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი გახდებოდა. აკვრაში ყველა მონაწილემ გამოსვლა რომ დაასრულა, შემდეგ დაიწყო ასპარეზობა ტალახაძემ, რომელმაც პირველივე ცდაზე 245 კგ დააფიქსირა, ორჭიდში 468 კგ დააფიქსირა და ოლიმპიური ჩემპიონი ისე გახდა, რომ ორი ცდა კიდევ წინ ჰქონდა, რაც ცხადია, შედეგის გაუმჯობესებისთვის და მსოფლიო რეკორდებისთვის (შესაბამისად, ოლიმპიური რეკორდებისთვისაც) გამოიყენა. მეორე ცდაზე მან 255 კგ, ხოლო მესამე ცდაზე მან 265 კგ დააფიქსირა, რითაც აკვრაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა, გააუმჯობესა რა, 2019 წელს მისივე დამყარებული რეკორდი (264 კგ). მან ორჭიდის ჯამში 488 კგ დააფიქსირა, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია და ამ შემთხვევაშიც, ლაშამ თავისი რეკორდი, რომელიც აპრილში დაამყარა (285 კგ) გააუმჯობესა.

ამრიგად, ქართველმა ძალოსანმა ზედიზედ მეორედ ოლიმპიური ჩემპიონობა სამი მსოფლიო რეკორდით მოახერხა - ატაცაში (223 კგ), აკვრაში (265 კგ) და ორჭიდში (288 კგ). შედარებისთვის, გავიხსენოთ, რომ 2016 წელს, რიოში ლაშამ ოლიმპიური ჩემპიონობა ორჭიდში 473 კგ-ით მოახერხა.

აქვე გეტყვით, რომ ვერცხლის მედალი ირანელმა ალი დავოუდიმ მოიპოვა, რომელმაც ორჭიდში 441 კგ დააფიქსირა (ატაცში 200 კგ და აკვრაში 241 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალს სირიელი მან ასაადი დაეუფლა ორჭიდში 424 კგ-ით (ატაცში 190 კგ და აკვრაში 234 კგ).

ლაშა ტალახაძე ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი და ამ დროისთვის ერთადერთი სპორტსმენია, რომელმაც ორჯერ, თანაც მიჯრით შეძლო ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვება. 27 წლის ქართველი ძალოსანი ახლა უკვე 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონია, ოთხჯერ მსოფლიოს ჩემპიონობა მოასწრო, ხოლო ხუთჯერ ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ოთხი სპორტსმენით იასპარეზა და 2 მედალი მოიპოვა. ტალახაძის ოქრომდე, 96 კგ წონით კატეგორიაში ანტონ პლესნოიმ ბრინჯაოს მედლის დასაკუთრება შეძლო.

შეგახსენებთ, საქართველოს ყულაბაში ამ დროისთვის 7 მედალია. ოქროს ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური დაეუფლნენ, ვერცხლის მედლები ვაჟა ვარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, გურამ თუშიშვილმა და იაკობ ქაჯაიმ მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაო ძალოსან ანტონ პლესნოის ანგარიშზეა. საქართველოსთვის 7 მედალი ოლიმპიურ თამაშებზე საუკეთესო შედეგის გამეორებაა. ასევე 7 მედალი იყო 2008 წელს პეკინის და 2016 წელს რიოს ოლიმპიადებზე. თუმცა, ხარისხობრივად, პეკინში საუკეთესო მედლები გვქონდა.

პეკინის ოლიმპიადა (2008) - 7 მედალი, 3 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო.

რიოს ოლიმპიადა (2016) - 7 მედალი, 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო.

ტოკიოს ოლიმპიადა (2020) - 7 მედალი, 2 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო.

თუმცა, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადა ჯერ არ დასრულებულა და საქართველოს შეუძლია მედლების რაოდენობით სარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსიროს.

0.492899