ფეხბურთი

12:40 | 31.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილი: "გიორბელიძე არასდროს იღლება, ლოჩოშვილი უაღრესად ჭკვიანი და სწრაფია"

ავსტრიის ბუნდესლიგის მეორე ტურში ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის „ვოლფსბერგერს“ 1 აგვისტოს სტუმრად დაუპირისპირდება.

მატჩის წინ ავსტრიულ მედიასთან ოთარმა კომენტარი გააკეთა და არა მარტო შეხვედრაზე, არამედ ქართველი მეგობრების შესახებ ისაუბრა:

„ლუკასთან ერთად „დინამო თბილისში“ ვთამაშობდი, გურამ გიორბელიძესთან კი საქართველოს 21-წლამდე და ეროვნულ ნაკრებში მითამაშია. ნამდვილად კარგი მეგობრები ვართ. მას შემდეგ, რაც ისინი „ვოლფსბერგერს“ შეუერთდნენ, თავისუფალ დროს რეგულარულად ვატარებთ ჩვენს ოჯახებთან ერთად, უმეტესად გრაცში, რადგან ვოლფსბერგში ბევრი არაფერი ხდება. ნამდვილად ველოდები კვირას მათთან შეხვედრას, მაგრამ მოედანზე მეგობრობა არ არსებობს. გიორბელიძეს შეუძლია ორი თამაში გადაბმულად ითამაშოს, ის არასდროს იღლება. ლოჩოშვილი შესანიშნავი მცველია, უაღრესად ჭკვიანი და ძალიან სწრაფი. მის წინააღმდეგ დრიბლინგი ძალიან ძნელია.

„ვოლფსბერგერთან“ მნიშვნელოვანი მატჩია, რომელშიც უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ. თუ 100%-ით დავიხარჯებით და ყველაფერს გავიღებთ, მხოლოდ ასე შევძლებთ გამარჯვების მოპოვებას“, - განაცხადა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, „შტურმმა“ შუა კვირაში იტალიურ „უდინეზესთან“ ამხანაგური მატჩი გამართა და 3:2 მოიგო, ხოლო ანგარიში ულამაზესი გოლით მეცხრე წუთზე სწორედ კიტეიშვილმა გახსნა. ავსტრიის ბუნდესლიგის პირველ ტურში კი „შტურმმა“ „ზალცბურგთან“ 1:3 წააგო, ხოლო „ვოლფსბერგერმა“ „კლაგენფურტთან“ ფრე ითამაშა (1:1).

0.112611