ესპანურმა გამოცემა El Confidencial-მა მადრიდის "რეალის" პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის მორიგი სკანდალური აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა. ამჯერად 2012 წლის, რომელშიც ის კრიშტიანუ რონალდუსა და ჟოზე მოურინიოს შეურაცხყოფას აყენებს.
პერესი ამბობს, რომ რონალდუ იდიოტი და ავადმყოფია, ხოლო მოურინიო - გიჟი.
„რონალდუ გიჟია. ის იდიოტი, ავადმყოფი ბიჭია. თქვენ ფიქრობთ, რომ ის ნორმალურია, მაგრამ არ არის ნორმალური, თორემ იმ ყველაფერს არ გააკეთებდა, რასაც აკეთებს. ბოლოს რა სისულელე ჩაიდინა, მთელმა მსოფლიომ დაინახა. მოურინიო და რონალდუ, ორივე არანორმალურია. მენდეში ვერც რონალდუს მართავს და ვერც მოურინიოს, კონტროლი არ აქვს. ამ ადამიანებს საშინელი ეგო აქვთ, ისინი რეალობას ვერ ხედავენ, რადგან შეეძლოთ მეტი ფული გამოემუშავებინათ სხვაგვარად რომ მოქცეულიყვნენ“, - ამბობს აუდიოჩანაწერში პერესი.
ფლორენტინო პერესი რონალდუს სისულელეში გულისხმობს 2012 წლის 2 სექტემბერს, მომხდარ ინციდენტს, როცა პორტუგალიელმა „გრანადასთან“ გატანილი გოლები არ იზეიმა და თქვა, რომ ის უკმაყოფილოა კლუბში, რისი მიზეზიც „რეალში“ იციან.
შეგახსენებთ, რომ El Confidencial-მა პერესის 2006 წლის ჩანაწერები გუშინაც გამოაქვეყნა, რომელშიც იკერ კასილიასსა და რაულს „რეალის“ ისტორიაში ყველაზე დიდ თაღლითებს უწოდებს.