ფეხბურთი

22:29 | 1.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ჩემი ფეხბურთელები ტოპლიგებში არ თამაშობენ, მაგრამ მათ ვენდობი"
"საშუალება გვაქვს სხვადასხვა ფეხბურთელები და ტაქტიკა მოვსინჯოთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა რუმინეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მას მოსწონს, როდესაც ფეხბურთელები მოედანზე ბოლომდე იხარჯებიან. სანიოლის თქმით, შესაძლოა, მისი ფეხბურთელები საუკეთესო ლიგებში არ თამაშობენ, მაგრამ მათ ენდობა და მუშაობა სიამოვნებს.

"ვიცით, რომ რუმინეთი კარგი გუნდია და ხვალ რთული მატჩი გველის. ვფიქრობ, როცა საკუთარი ქვეყნის სახელით თამაშობ თავის საუკეთესოდ უნდა წარმოაჩინო. ვიცით, რომ ხვალინდელ შეხვედრას გულშემატკივართა გარკვეული რაოდენობა დაესწრება და ვფიქრობ, რომ კარგი გარემო იქნება. ჩვენი მხრივ, მაქსიმალურად შევეცდებით საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ.

საკვალფიკაციო ეტაპი სექტემბერში განახლდება. რუმინეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩები ჩვენ საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა ფეხბურთელს დავაკვირდეთ, სხვადასხვა ტაქტიკა მოვსინჯოთ, რათა კოსოვოსა და ესპანეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებს საუკეთესო მდგომარეობაში შევხვდეთ.

საქართველოს არის ქვეყანა, საკუთარი სპეციფიკითა და კულტურით. მე ჩემს ფეხბურთელებში მომწონს, რომ როდესაც მოედანზე არიან ბოლომდე იხარჯებიან. შესაძლოა ისინი მსოფლიოს საუკეთესო ლიგებსა და კლუბებში არ თამაშობენ, მაგრამ მე შემიძლია მათ ვენდო და ჩემთვის ამ ფეხბურთელებთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა", - ციტირებს სფფ-ის ვებგვერდი სანიოლის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რუმინეთი - საქართველოს მატჩი 2 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. საქართველოს რუმინელებთან ცუდი სტატისტიკა აქვს, წინა 7 მატჩიდან 6 წააგო და ერთხელ ფრეს დასჯერდა.

0.118005