დიდი ხანია საქართველოში ესპანეთის დონის გუნდი არ ჩამოსულა. ბოლოს ეს ზუსტად 6 წლის წინ მოხდა, როდესაც თბილისს, გერმანიის ნაკრები ესტუმრა (2015 წლის მარტში). მას შემდეგ საქართველო გრანდთან ერთად ჯგუფში არ ყოფილა, თორემ უფრო დიდი მნიშვნელობის მატჩები გასული წლის შემოდგომაზეც გამოვიარეთ.
ამრიგად, ძალიან მძიმე, მაგრამ საინტერესო გამოწვევაა საქართველოს ნაკრების წინაშე. ვილი სანიოლის დებიუტი სამი დღის წინ შედგა და წარუმატებელი გამოდგა, რადგან შვედეთში უქულოდ დავრჩით მიუხედავად თითქმის თანაბარი თამაშისა და ხელსაყრელი მომენტებისა. ასე რომ, სანიოლის გუნდი მაინც ახალი ხილია და ჯერ უცნობია რას უნდა ველოდოთ, რა სტილი გვაქვს, მართლაც ძნელია, რადგან ნაკრები სულ ხუთი დღეა ერთად ვარჯიშობს და ფრანგს ჯადოსნური ჯოხი ნამდვილად არ აქვს.
საქართველოს ნაკრებს შვედეთთან მატჩის შემდეგ ორი ფეხბურთელი გამოაკლდა და ერთი შეუერთდა. ტრავმების გამო სანიოლს გიორგი მიქაუტაძისა და ჯიმი ტაბიძის იმედი ვერ ექნება, ხოლო მამუკა კობახიძე მის განკარგულებაშია. სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება, რადგან ძალზე ძნელია სამ დღეში მეორე თამაში ჩაატარო, ამას ძალიან მაგარი ფიზმომზადება სჭირდება, რაც ვერ ვიტყვით, რომ ქართველი ფეხბურთელების პლუსია. თუმცა, კონკრეტულად რა ცვლილებები იქნება, ჯერ რა თქმა უნდა, მხოლოდ სანიოლმა და მისმა სტაფმა იცის. კარგად არის ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ივარჯიშა და ალბათ ის ისევ ძირითად შემადგენლობაში იქნება.
შვედეთთან შეხვედრაში გუნდმა საკმაოდ გამართულად ითამაშა, ყველა რგოლში იგრძნობოდა მეტ-ნაკლებად მექანიზმის მუშაობა და განსაკუთრებით საინტერესოდ დებიუტანტები გამოიყურებოდნენ. ყოველშემთხვევაში დებიუტის კვალობაზე მართლაც ყველამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ვილი სანიოლმა მატჩამდე თქვა, რომ მას სურს იგივე დისციპლინა იხილოს გუნდისგან და განსაკუთრებით მეორე ტაიმი გამოარჩია. ცოდვა გამხელილი სჯობს და სტოკჰოლმში, „ჯვაროსნებს“ ციდან ვარსკვლავები არ დაუწყვეტიათ, მაგრამ ორი ძალიან რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ და ვერც იმას ვიტყვით, რომ მეტოქეს უფრო მეტი ჰქონდა. ამდენად, როდესაც გაცილებით მაღალი დონის გუნდთან შანსი გეძლევა, თუნდაც ეს შანსი ერთხელ მიიღო, წარმატება გინდა - უბრალოდ უნდა გამოიყენო! ბევრი შანსი აქედანვე ნათელია, რომ არც ესპანეთთან გვექნება და რეალიზაციის ფაზაში მეტი ყურადღება და კონცენტრაცია იქნება საჭირო. ზოგადად მოდუნება არცერთ რგოლში და ეპიზოდში დაუშვებელია.
საქართველოს ნაკრებს ცუდი სერია აქვს და უკვე 6 მატჩია არ მოუგია (3 ფრე, 3 წაგება). ბოლოს „ჯვაროსნებმა“ ბელარუსთან მოიგეს, ევრო 2020-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში. შესაბამისად, ცუდი სერია ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს და იმედია, ეს ადრე მოხდება...
თამაშამდე „დინამო არენაზე“ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. ესპანეთის ნაკრების ვარჯიშის დასაწყისში მოედანზე ორი გულშემატკივარი შეიჭრა და ეს ფეხბურთელთა და სტაფის წევრებისთვის სიცილის მიზეზი გახდა (ძნელია გაამტყუნო) და მერე, ვარჯიშის დროს ელექტროენერგია გამოირთო! ამ ფაქტზე არა მარტო ესპანურმა, არამედ თითქმის ყველა ევროპულმა და გავლენიანმა გამოცემაც დაწერა. სერხიო რამოსმა ინსტაგრამში სთორიც კი გამოაქვეყნა და მოკლედ, ეს ყველაფერი ყველას სალაპარაკო გახდა... თუმცა, რა გაეწყობა - ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე შუქი ყოველდღე ნამდვილად არ ქრება. იმედია, ესპანელებს დღეს თამაშით უფრო გავაოცებთ, ვიდრე იმით, რაც გუშინ მოხდა და იგივე რამოსი ნამდვილად გაოცებული იყო, ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ მსგავსი არაფერიო.
მეტოქე
ესპანეთის ნაკრები თბილისში აშკარა ფავორიტის სტატუსითაა. ლუის ენრიკეს გუნდი ზოგადად ჯგუფის ფავორიტია, მაგრამ პირველ ტურში ვერ მოიგო. პირინელებმა გრანადაში საბერძნეთთან საკმაოდ უფერული თამაში აჩვენეს და ქულით (1:1) მოუწიათ დაკმაყოფილება. რასაკვირველია, თბილისში ქულების დაკარგვა ესპანელთა გეგმებში არ შედის და შესაძლოა, ამან ლუის ენრიკეს სკამიც შეარყიოს, ამიტომ, მათი მოტივაცია ახლა გაორმაგებულია.
ზოგადად, ესპანეთის ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესია და ნამდვილად არ არის დაუმარცხებელი გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 20 მატჩში ერთხელ წააგო, სხვათა შორის 15 ოქტომბერს, უკრაინაში. „ფურია როხას“ ბოლო ხუთ შეხვედრაში ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული და ისიც გერმანიის ნაკრებთან, თანაც 6:0! აი, უკრაინასთან წაგებაზე გითხარით და იყო კიდევ სამი ფრე (საბერძნეთთან, ნიდერლანდებთან და შვეიცარიასთან). აქედანაც ჩანს, რომ ესპანეთის ნაკრებთან თამაში შეიძლება და გამორიცხული არაფერია. უფრო მეტიც, ესპანეთთან საქართველოს ასე თუ ისე, ტოლ-სწორად თამაში, ყოველშემთხვევაში, როგორც მინიმუმ ბრძოლა რომ შეუძლია, ჩვენს შორის გამართულ სამ დაპირისპირებაშიც გამოჩნდა, თანაც, გაცილებით მძლავრ და მტკიცე ესპანეთთან.
ურთიერშეხვედრები
საქართველოს ნაკრებისა და ესპანეთის გზები პირველად 2012 წლის 11 სექტემბერს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გადაიკვეთა. თბილისში, უძლიერესი „ფურია როხას“ თემურ ქეცბაიას გუნდმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ახლოს იყო არათუ ქულასთან, არამედ გამარჯვებაც შეეძლო, ალექსანდრე ამისულაშვილის დარტყმა ძელს მოხვდა, როცა ანგარიში 0:0. ცალკე აღნიშვნის ღირსია იმ დღეს გიორგი ლორიას ფანტასტიკური თამაში, რომელიც შემდეგ დაშავდა და შეცვალეს. ერთადერთი გოლი კი 86-ე წუთზე რობერტო სოლდადომ გაიტანა და ესპანელებმა 1:0 მოიგეს.
საპასუხო შეხვედრა ალბასეტეში შედგა, სადაც ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა 2:0 მოიგო. გოლები ალვარო ნეგრედოსა და ხუან მატას ანგარიშზეა. ეს თამაში 2013 წლის 15 ოქტომბერს გაიმართა. ბოლო დაპირისპირება კი ამხანაგური იყო, 2016 წლის 7 ივნისს. მადრიდში, „ალფონს კოლიზეუმზე“ ვლადიმირ ვაისის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის სამზადისში მყოფ ესპანეთს მოუგო! ჯაბა ჯიღაურის პასით თორნიკე ოქრიაშვილმა ისტორიული გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ თამაში ამხანაგური იყო, ცხადია, საქართველოს ნაკრების ესპანეთში გამარჯვება ჩვეულებრივი ამბავი არ იყო.
დასკვნა
საქართველოს ნაკრებს მოუწევს პირველიდან ბოლო წუთამდე ბრძოლა მოედნის თითოეული მონაკვეთისთვის, სრული კონცენტრაცია და შეცდომების გარეშე თამაში. თითოეული შეცდომა ძალზე ძვირი შეიძლება გამოდგეს და რაც მთავარია, ესპანელების შეცდომების დროს მაქსიმალური მზადყოფნა! ესპანეთთან ფეხბურთის თამაში შესაძლებელია! ბოლოსკენ, გულშემატკივრებზეც ვთქვათ: ბოლოს თბილისში საქართველოს ნაკრებმა გულშემატკივრების წინაშე 2019 წლის 12 ოქტომბერს ითამაშა და ირლანდიას უგოლოდ დაუზავდა.