ფეხბურთი

2:12 | 11.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ ფეხბურთის ისტორიას შედევრი დაუტოვა, მაგრამ "ბარსელონამ" სასწაული ვერ მოახდინა

ჩემპიონთა ლიგას „დორტმუნდისა“ და „პორტუს“ შემდეგ ორი მეოთხედფინალისტი შეემატა - „პარი სენ ჟერმენი“ და „ლივერპული“.

პირველი მატჩების მერე ეს იკითხებოდა და საპასუხო შეხვედრებში არაფერი გასაკვირი არ მომხდარა. ინგლისურმა და ფრანგულმა კლუბებმა ჯერ კიდევ საგარეო თამაშებში ხელსაყრელი უპირატესობა მოიპოვეს და შინ არ გაუნიავებიათ.

„ლივერპულმა“ „ლაიფციგს“ იქ უმასპინძლა, სადაც ეწვია - ბუდაპეშტში. იურგენ კლოპის გუნდს პრემიერლიგაში საქმეები ძალზე მძიმედ მისდის, მეტწილად „ენფილდ როუდზე“, სადაც ზედიზედ ექვსი თამაში წააგო, მაგრამ როგორც ჩანს, სხვაგან თავს არც ისე ურიგოდ გრძნობს. ინგლისურმა კლუბმა „ლაიფციგს“ ისევ მოუგო და ისევ უპრებლომოდ - 2:0. გოლები, როგორც წინა შეხვედრაში, ახლაც მოჰამედ სალაჰმა და სადიო მანემ გაიტანეს და ორი მატჩის ჯამში „წითლებმა“ ძალზე დამაჯერებლად, 4:0 იმარჯვეს. შედეგად, მძიმე სეზონის მიუხედავად, „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლას აგრძელებს და უკვე მეოთხედიფნალშია, რაც სულაც არ გამორიცხავს, რომ იურგენ კლოპის გუნდი მწვერვალისკენ ისევ გაიწევს. დანარჩენს დრო გამოაჩენს.

„ბარსელონა“ პარზში, პსჟ-ს ესტუმრა და შინ 1:4 ჰქონდა წაგებული. შესაბამისად, რონალდ კუმანის გუნდის შანსი ძალზე მიზერული იყო. ამის მიუხედავად, კატალონელებმა ბოლომდე იბრძოლეს და უდიდეს სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. „ბარსამ“ არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ კეილორ ნავასი შესანიშნავი იყო და ყველაფერი აიღო, რისი აღებაც შეეძლო.

30-ე წუთზე კი პსჟ დაწინაურდა. მაურო იკარდის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი კილიან მბაპემ გაიტანა და თავისი გუნდის ისედაც დიდი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. თუმცა, 7 წუთში ლიონელ მესიმ ფეხბურთის ისტორიას მორიგი შედევრი დაუტოვა. არგენტინელმა იმდენად მაგარი გოლი გაიტანა, მისი სიტყვებით გადმოცემა უფრო წყლის ნაყვაა - ის უნდა ნახოთ! მესიმ 30 მეტრიდან დაარტყა და მეტოქის კარის ცხრიანში ჩასვა. სწორედ ეს იყო ერთადერთი ეპიზოდი, როდესაც ნავასი ვერაფერს გახდა და ვერც გახდებოდა - აუღებელთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა. „ბარსელონას“ პირველივე ტაიმში წინ გასვლა და სიტუაციის მართლაც დაძაბვა შეეძლო, მაგრამ ლიონელ მესიმ პენალტი ვერ გაიტანა. ამჯერად დუელი კოსტა რიკელმა მეკარემ მოიგო და წყვილს ინტრიგა არ დაუბრუნდა.

გაცუდებულმა პენალტმა როგორც ჩანს, რონალდ კუმანის გუნდზე საბოლოოდ იმოქმედა და მეორე ტაიმში მიუხედავად სათამაშო უპირატესობისა, ესპანელებს რეალური საგოლე მომენტის შექმნა ნამდვილად გაუჭირდათ. ამრიგად, 1:1, ორი მატჩის ჯამში კი პსჟ-ს სასარგებლოდ 5:2 და მეოთხედფინალის საგზურიც ფრანგებს, ხოლო „ბარსელონას“ შეუძლია სრულად ლა ლიგაზე მოახდინოს კონცენტრირება.

დანარჩენი ოთხი მეოთხედფინალისტის ვინაობა მომდევნო კვირაში გაირკვევა და საბოლოოდ დაკომპლექტდება ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მეორე სტადია.

„ლივერპული“ – „ლაიფციგი“ 2:0 (0:0)

ბუდაპეშტი, „პუშკაშ არენა“

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ფილიპსი, კაბაკი, ალექსანდერ-არნოლდი, რობერტსონი (ციმიკასი 90); ტიაგო ალკანტარა (კეიტა72), ვიენალდუმი (მილნერი 82), ფაბინიო; სალაჰი, დიოგო ჟოტა (ორიჯი 71), მანე (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 90)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

„ლაიფციგი“ (3-4-1-2): გულაში; მუკიელე, უპამეკანო, კლოსტერმანი; კამპლი (სორლოთი 46); დანი ოლმო (ჰაიდარა 72), ნკუნკუ, ადამსი, ზაბიცერი; ფორსბერგი (კლუივერტი 60), პოულსენი (ჰვანგი 60)

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

გოლები: 1:0 სალაჰი (70), 2:0 მანე (74)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (7) – 10 (2) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 5:1 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

„პარი სენ ჟერმენი“ – „ბარსელონა“ 1:1 (1:1)

პარიზი, „პარკ დე პრენსი“

„პარი სენ ჟერმენი“ (4-2-3-1): ნავასი; ფლორენცი (დაგბა 76), მარკინიოსი, კიმპემბე, კურზავა (დიალო 46); პარედესი, გეიე (დანილო 59), დრაქსლერი (დი მარია 59), ვერატი (რაფინია 84), მბაპე; იკარდი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

„ბარსელონა“ (3-4-3): ტერ შტეგენი; მინგესა (ჟუნიორ ფირპო 35), დე იონგი, ლენგლე; დესტი (ტრინკაუ 66), პედრი (პიანიჩი 79), ბუსკეტსი (მორიბა 79), ჟორდი ალბა; მესი, დემბელე (ბრაითვაითი 79), გრიზმანი

მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლები: 1:0 მბაპე (30, პენ), 1:1 მესი (37)

გაფრთხილება: კურზავა (8), გეიე (50), პარედესი (50), იკარდი (89) - მინგესა (25), ლენგლე (29), დე იონგი (38)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (3) – 15 (10) ბურთის ფლობა: 33%-67% კუთხურები: 2:8 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

0.16962