ფეხბურთი

11:43 | 19.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრიულმა მედიამ "ტოტენჰემთან" ქართველი მცველების თამაში შეაფასა

ევროპა ლიგის 1/16 ფინალში ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ ქართველმა მცველებმა ლუკა ლოჩოშვილმა და გურამ გიორბელიძემ ლონდონის „ტოტენჰემის“ (1:4) წინააღმდეგ ითამაშეს. ავსტრიულმა გუნდმა 4 გოლი გაუშვა და ბუნებრივია, დაცვაში ხარვეზი ბევრი იყო.

განსაკუთრებით კარგი თამაში ლუკას არ ჰქონია, რომელმაც Laola.at-ისგან საკმაოდ დაბალი შეფასება (5 ქულა) მიიღო. თუმცა, ეს ჩვენებურის შესანიშნავ სეზონს არ აფერკრთალებს, პირიქით, ჰონ-მინ სონის, გარეთ ბეილისა და ლუკას მოურას წინააღმდეგ თამაში მისთვის ძალზე დიდი გამოცდილება უნდა გამოდგეს.

„მატჩის დასაწყისში ბურთი დაკარგა და გაუმართლა, რომ სონმა ბურთი უბრალოდ კარს ააცილა. 0:1-ზე და 0:3-ზე მეტოქეებს ვერაფერი დაუპირისპირა. პირველ ტაიმში კარგად არ უთამაშია, მეორე ნახევარში ცოტათი შეძლო თამაშის გაუმჯობესება“, - წერს ავსტრიული გამოცემა ლოჩოშვილზე.

გიორბელიძეს კი, რომელმაც 24 წუთი ითამაშა, 4 ქულა დაუწერეს და მისი თამაში ასე შეაფასეს: „მცველმა უზრუნველყო „ვოლფსბერგერის“ თავდაცვითი ფაზის გამარგება, მაგრამ ვინისიუსის მეოთხე გოლს ხელი მანაც ვერ შეუშალა“.

აქვე გეტყვით, რომ 24 წლის გიორბელიძეს მიმდინარე სეზონში 7 მატჩი აქვს ჩატარებული (4 ავსტრიის ბუნდესლიგაში, 1 ავსტრიის თასზე და 2 ევროპა ლიგაზე), ლოჩოშვილი კი მუდმივად თამაშობს - 22 წლის ლუკას ანგარიშზე 25 თამაშია, აქედან 15 ბუნდესლიგაში, 7 ევროპა ლიგაზე (უკლებლივ ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა ევროთასებზე, რაც ნამდვილად გამოსარჩევია) და 3 ავსტრიის თასზე.

0.1162