ფეხბურთი

0:24 | 8.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიული გამარჯვება ესპანეთში, უცნაური ტრადიცია ბერძნებთან და ორი ახალი ფურცელი

საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად ურთულესი გზის გავლა მოუწევს. თავიდანვე ვიცოდით, რომ ადვილი გზა ისედაც არ იქნებოდა, მაგრამ ესპანეთის, შვედეთის, საბერძნეთისა და კოსოვოს ნაკრებებთან ჭიდილი ადვილი სულაც არ იქნება. სხვათა შორის, ბოლო დროს საბერძნეთი ძველებურად სტაბილურად ვეღარ თამაშობს, მაგრამ ამ გუნდთან კატასტროფული სტატისტიკა გვაქვს.

წარმოგიდგენთ საქართველოს ნაკრების ბალანსს მომავალ მეტოქეებთან, რომლებსაც 2021 წლის განმავლობაში ჯამში 8-ჯერ დაუპირისპირდება (შინ და გარეთ).

საქართველო - ესპანეთი: 3 თამაში - 1 მოგება, 0 ფრე, 2 წაგება, 1:3 ბურთების ბალანსი

საქართველოს ნაკრებისა და ესპანეთის გზები პირველად 2012 წლის 11 სექტემბერს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გადაიკვეთა. თბილისში, უძლიერესი „ფურია როხას“ თემურ ქეცბაიას გუნდმა დიდი წინააღმდეგბა გაუწია და ახლოს იყო არათუ ქულასთან, არამედ გამარჯვებაც შეეძლო, ალექსანდრე ამისულაშვილის დარტყმა ძელს მოხვდა, როცა ანგარიში 0:0. ცალკე აღნიშვნის ღირსია იმ დღეს გიორგი ლორიას ფანტასტიკური თამაში, რომელიც შემდეგ დაშავდა და შეცვალეს. ერთადერთი გოლი კი 86-ე წუთზე რობეტო სოლდადომ გაიტანა და ესპანელებმა 1:0 მოიგეს.

საპასუხო შეხვედრა ალბასეტეში შედგა, სადაც ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა 2:0 მოიგო. გოლები ალვარო ნეგრედოსა და ხუან მატას ანგარიშზეა. ეს თამაში 2013 წლის 15 ოქტომბერს გაიმართა. ბოლო დაპირისპირება კი ამხანაგური იყო, 2016 წლის 7 ივნისს. მადრიდში, „ალფონს კოლიზეუმზე“ ვლადიმირ ვაისის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის სამზადისში მყოფ ესპანეთს მოუგო! ჯაბა ჯიღაურის პასით თორნიკე ოქრიაშვილმა ისტორიული გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ თამაში ამხანაგური იყო, ცხადია, საქართველოს ნაკრების ესპანეთში გამარჯვება ჩვეულებრივი ამბავი არ იყო.

საქართველო - საბერძნეთი: 7 თამაში - 0 მოგება, 1 ფრე, 6 წაგება, 5:14 ბურთების ბალანსი

საქართველოსა და საბერძნეთის დუელები სათავეს 1996 წლიდან იღებს. 8 მაისს, იანინაში სპარინგშეხვედრა ბერძნებმა 2:1 მოიგეს. ანგარიში მე-15 წუთზე გოჩა გოგრიჭიანმა გახსნა, მაგრამ მეორე ტაიმში დემის ნიკოლაიდისმა დუბლი შეასრულა.

მომდევნო 6 დაპირისპირება უკვე ოფიციალური სახის იყო. ევრო 2000-ის შესარჩევში, 1998 წლის 14 ოქტომბერს, საბრძნეთმა ათენში ნიკოს მახლასის, ნიკოს ლიბეროპულოსისა და მარინოს უზუნიდისის გოლებით ადვილად იმარჯვა (3:0), ხოლო 1999 წლის 5 ივნისს, თბილისში ანგარიში თემურ ქეცბაიამ 55-ე წუთზე გახსნა. თუმცა, ოთარ ხიზანეიშვილის ავტოგოლითა და ნიკოს მახლასის გოლით სტუმრებმა თამაში ბოლო 5 წუთში მოიგეს.

შემდეგ იყო მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. 2005 წლის 25 მარტს „მიხეილ მესხზე“ 22-ე წუთზე საქართველოს ნაკრები მალხაზ ასათიანმა დააწინაურა, მაგრამ როგორც საბერძნეთთან მატჩების სცენარს ახასიათებდა, შემდეგ მეტოქე ეუფლებოდა უპირატესობას. მიხალის კაპსისმა, ცისის ვრიზასნმა და სტელიოს იანაკოპულოსმა 53-ე წუთისთვის ყველაფერს წერტილი დაუსვეს (1:3). იმავე წლის 12 ოქტომბერს, პირეოსში ოტო რეჰაგელის გუნდმა დიმიტრის პაპადოპულოსის სწრაფი გოლით 1:0 მოიგო.

ბოლოს ჩვენი გზა ელადელებთან ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლში გადაიკვეთა. შესარჩევი ეტაპის პირველი ტურში, პირეოსში, თემურ ქეცბაიას ნაკრები მესამე წუთზე ალექსანდრე იაშვილმა დააწინაურა. უპირატესობა ვერც ამჯერად შევინარჩუნეთ, მაგრამ დადებითი ის იყო, რომ არ წავაგეთ. 72-ე წუთზე ნიკოს სპიროპულოსმა გაათანაბრა. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან არ წააგო.

ბოლო დაპირისპირება 2011 წლის 11 ოქტომბერს, „მიხეილ მესხზე“ შედგა და ტრადიცია არ დაირღვა - ვიგებდით და წავაგეთ. დავით თარგამაძემ მე-19 წუთზე გახსნა ანგარიშ, მაგრამ 79-ე და 85-ე წუთებზე გიორგიოს ფოტაკისმა და ანგელოს ხარისტეასმა საბერძნეთს მოაგებინა.

ამრიგად, საბერძნეთთან უცნაური სტატისტიკა გვაქვს იმ კუთხით, რომ 7 მატჩში 5 გოლი გავუტანეთ, რომლებიც 5 სხვა და სხვა თამაშზე ნაწილდება და ხუთივე შემთხვევაში ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა, ანუ თამაშს იგებდა. თუმცა, ვერცერთხელ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, 4-ჯერ საერთოდაც წააგო და ერთხელ ფრეს დასჯერდა.

და ბოლოს, შვედეთი და კოსოვო - ამ ნაკრებებს საქართველოს ნაკრები არასდროს შეხვედრია და მათთან დაპირისპირება სუფთა ფურცლიდან იწყება.

აქვე გეტყვით, რომ შესარჩევი ეტაპი 2021 წლის მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. ჯგუფური ეტაპის კალენდარი ჯერ უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118477