ფეხბურთი

20:16 | 6.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორბელიძე ძირითადში ათამაშეს, ლოჩოშვილი სეზონში მეორედ გააძევეს

ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ რიგებში გურამ გიორბელიძემ პირველად ითამაშა ძირითად შემადგენლობაში, ხოლო ლუკა ლოჩოშვილმა სეზონში მეორე წითელი ბარათი მიიღო. ეს ყველაფერი ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში „ტიროლთან“ საგარეო მატჩში მოხდა, რომელიც მასპინძლებმა 4:1 მოიგეს.

გიორბელიძე, რომელსაც სეზონის სტარტი ტრავმის გამო გაუცდა და ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა, აქამდე ორჯერ ჰქონდა ნათამაშები „ვოლფსბერგერში“ და ორჯერვე შეცვალზე, ახლა კი ფერდინანდ ფელდოფერმა ძირითადში გაამწესა, თუმცა 66-ე წუთზე შეცვალა.

ლუკა ლოჩოშვილი კი ავსტრიელთა დაცვის ხაზის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა და აქამდე 13 თამაში ჰქონდა სეზონში ჩატარებული, მათ შორის 5 ევროპა ლიგაზე შეუცვლელად. ლუკა „ტიროლთან“ მხოლოდ 46-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე, ის დაასვენეს, რადგან ოთხ დღეში ევროპა ლიგაზე გუნდს მნიშვნელოვანი თამაში აქვს. ლოჩოშვილმა 81-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო, რაც მისთვის სეზონში უკვე მეორე გაძევებაა, მანამდე პირველივე ტურში „ზალცბურგთან“ გააძევეს (ორჯერვე პირდაპირ წითელი მიიღო, ყვითელი ბარათი ერთხელ აქვს მიღებული). რა თქმა უნდა, ეს წითელი ბარათი 22 წლის ფეხბურთელის კარგ სეზონს ჩრდილს არ აყენებს, ის ძალიან კარგად მოერგო „ვოლფსბერგერს“.

ავსტრიული გუნდი 10 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ევროპა ლიგაზე კი ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე როტერდამის „ფეიენოორდთან“ ფრეც საკმარისი იქნება, რომ ჯგუფიდან გავიდეს.

0.129699