საფეხბურთო აგენტმა ალექსანდრ მანიაკოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, ევროპული კლუბების ინტერესი ბუნებრივია, მაგრამ ქართველ ფეხბურთელს ჯერ სტაბილურობა აკლია.
ამასთან, ბოლო პერიოდში მის შესახებ მუდმივ საუბარს რეკლამა უწოდა და აღნიშნა, რომ ეს სრულიად ლოგიკურია.
„ხვიჩას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ რეკლამას უკეთებენ იმ კლუბებში, რომლებიც დაინტერესებულნი არიან და ეს სრულიად ლოგიკურია. დიახ, მას შეუძლია ერთი-ერთზე კარგად ითამაშოს. ინფორმაცია „დორტმუნდის“ შესახებ, ალბათ მართალია, მაგრამ ხვიჩა მათ სიაში პირველი და მითუმეტეს ერთადერთი ნამდვილად არ იქნება. ის ბრწყინვალე მოთამაშეა, მაგრამ ჩემი აზრით, არც ისე სტაბილური. კარგ მომენტებს ჩავარდნები ენაცვლება. გარდა ამისა, დაცვაში თამაში არ იცის და ამას თანამედროვე ფეხბურთი აუცილებლად ითხოვს. საქმე არ ეხება ბურთის ართმევას ან ორთაბრძოლებს, არამედ ბურთის გარეშე მუშაობას და საჭირო ზონების დაფარვას. ამაში აუცილებლად უნდა მოუმატოს. მესმის, რომ მას ევროპული კლუბები აკვირდებიან, დიდ კლუბებში მსგავს თვისებებს, რომელიც ხვიჩას აქვს, ნამდვილად აფასებენ“, - თქვა მანიაკოვმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ რუსულმა მედიამ დაწერა, რომ ხვიჩა კვარაცხელიათი „დორტმუნდი“ დაინტერესდა, ხოლო მანამდე ესპანური „სევილიაც“ ახსენეს. ამასთან, კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა თქვა, რომ ზაფხულში 19 წლის ქართველი შემტევის თაობაზე ბელგიურმა „გენტმა“, ავსტრიულმა „ზალცბურგმა“ და იტალიურმა კლუბებმა, „უდინეზემ“, „სასუოლომ“ და „ტორინომ“ მიმართეს.