ფეხბურთი

20:20 | 28.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

წინადადებები იტალიური გუნდებიდან, "ლოკომოტივიდან" წასვლის მიზეზი და ბევრი სხვა - ფილმი კვარაცხელიაზე

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ნობელ არუსტამიანმა საათნახევრიანი ფილმი მოამზადა, რომელშიც თავად 19 წლის ფეხბურთელის, იური სიომინის, ლეონიდ სლუცკის, მამუკა ჯუღელისა და „რუბინის“ გენერალური დირექტორის, რუსტემ საიმანოვის ინტერვიუებია გამოქვეყნებული.

რამდენიმე საინტერესო ამონარიდს გთავაზობთ. „რუბინის“ მთავარი მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის წვლილი ნამდვილად არის იმაში, რომ ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავად ათამაშდა. სწორედ სლუცკის გუნდში მისვლის შემდეგ დაიწყო ქართველი ტალანტის პროგრესი და სლუცკის ნაამბობიდანაც კარგად იგრძნობა, რომ მას ხვიჩა ძალიან მოსწონს.

„ხვიჩა დიდი ტალანტია. ნიჭი მაშინვე ჩანს, აღარ არის საჭირო დიდხანს ლოდინი ან რაღაცის ძებნა. ის არის ძალიან სწრაფი, არა მარტო დრიბლიორ-ბალერინა, როგორც ეს ბევრს ჰგონია. ამ დროისთვის თამაშის დროს 20-ჯერ მაინც უტევს. იშვიათი თვისებების კარგი და რთული კომბინაცია აქვს. მას უფრო მეტად აინტერესებს ბურთთან ერთად თამაში, ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რასაც აკეთებს. მისთვის უფრო საინტერესოა შეტევა, ვიდრე დაცვა. თუმცა, თავდაცვით ფუნქციებსაც საკმაოდ კარგად ასრულებს.

რუსული ენის სწავლა? თავიდან ვეცადე ინგლისური ენის კურსებზე მიმეყვანა, მაგრამ მივხვდი, რომ რუსულზე უარესად იყო საქმე. ახლა რუსულად უკეთ საუბრობს, თუმცა, ზოგადად ცუდად. ვის შევადარებდი ვისთანაც მიმუშავია? ალბათ მარტინ ედეგორს.

დიახ, ნამდვილად ვთქვი, რომ ხვიჩას ზედა ზღვარი არ გააჩნია. როდესაც მოთამაშესთან მუშაობ, გესმის, რამ შეიძლება ის შეაჩეროს, სად ისვენებს, სად არის სიტუაცია, სადაც ის შეიძლება აღარ განვითარდეს. ან ის შეიზღუდება ფიზიკური თვისებებით ან მენტალიტეტით, ან ტექნიკური უნარის დონით. თუმცა, მე ვერ ვხედავ დაბრკოლებას, რითაც მისი შეზღუდვა მოხდება. ვარჯიშებზე ხშირად საყვედურს ეუბნებიან, რამდენჯერ უნდა მოატყუო, პასი მოგვეციო, მაგრამ მე ვუებნები, რომ თუ ის საკუთარ ნახევარზე არაა და აქვს დრიბლინგისთვის შესაბამისი სივრცე, რატომაც არა, შეუძლია ყოველთვის სცადოს, - ამბობს სლუცკი.

ცხადია, ფილმში იური სიომინის ინტერვიუც არის, რომელიც ყოფილი შეგირდის შესახებ დადებითად საუბრობს, რაც ბუნებრივია, რადგან ის „ლოკომოტივში“ მისი დარჩენის მთავარი მომხრე იყო.

„მართალია, მე ვტიროდი, როდესაც ხვიჩას დავემშვიდობე. მან დაინახა ჩემი ცრემლები? არვიცი, არ აქვს მნიშვნელობა. ეს ჩემი გრძნობებია. რატომ ვიტირე? იმიტომ, რომ ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელის დაკარგვა სირცხვილია. მასთან ექვსი თვე ვმუშაობდი, დიდ ყურადღებას ვაქცევდით. თუნდაც ჯანმრთელობას, სტომატოლოგთან მისვლა ვურჩიე. ვუთხარი, რომ კბილებზე სამედიცინო გამოკვლევა ჩაეტარებინა, ის საქართველოში წავიდა და ყველაფერი გააკეთა. ის უმაღლესი დონის პროფესიონალია. ხვიჩა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ვისთანაც მიმუშავია, ამჟამად ყველაზე ნიჭიერი. ხვიჩა უფრო ნიჭიერია, ვიდრე მარატ იზმაილოვი? მარატს მოკლედრიბლინგები ჰქონდა, ხვიჩას უფრო დისტანციაზე გამოსდის. ხვიჩა უფრო მეტ საქმეს აკეთებს, ვიდრე მარატი. ის უფრო სპეციფიკურია. „ლოკომოტივის“ მიერ ხვიჩას დაკარგვა კლუბის დღევანდელი ხელმძღვანელების უდიდესი შეცდომაა. ეს იყო შეცდომა, როგორც ფინანსური, ასევე წმინდა პროფესიონალური კუთხით“, - ამბობს სიომინი.

გამოცდილი რუსი სპეციალისტის შესახებ ფილმში ხვიჩა კვარაცხელიაც საუბრობს:

„პირადად სიომინს არ უთქვამს, რომ მე ვარ ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელთაც მას უმუშავია. მაგრამ მე ნამდვილად მიყვარს ეს კაცი. ის არის ლეგენდა არამხოლოდ „ლოკომოტივის“, არამედ რუსული ფეხბურთის. როცა ვუთხარი, რომ „ლოკომოტივს“ ვტოვებდი, მის თვალებში ცრემლები დავინახე. მეც ვტიროდი, რადგან, როდესაც ასეთ ადამიანს აქვს ემოციები, ეს ბუნებრივად ხდება. ახლა საქართველოში ყველა ხუმრობს, რომ სიომინი ჩემი მეორე მამაა. მე მას ვაღმერთებ. ერთმანეთს არ ვუკავშირდებით, მაგრამ კვირკველიას საშუალებით მპასუხობს“, - თქვა კვარაცხელიამ სიომინზე.

19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა „ლოკომოტივიდან“ წასვლის შესახებაც ილაპარაკა:

„ავსტრიაში შეკრებაზე ვიყავით. მეგონა, რომ ისევ „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი ვიყავი. აგენტმა დამირეკა და მითხრა, „რუბინის“ შეთავაზების შესახებ. მამუკა ჯუღელი ჩემთვის აგენტი არაა, ოჯახის წევრია, ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობთ. ვუპასუხე, რომ მე მხოლოდ ფეხბურთის თამაში მსურდა და თავად გადაეწყვიტა რა არის ჩემთვის საუკეთესო. იყო ისეთი საუბარიც, რომ თუ „ლოკომოტივთან“ კონტრაქტს არ გავაფორმებდი, სასტუმროდანაც კი გამაძევებდნენ. ამიხსნეს, რომ ასეთი სიტუაცია ჰქონდა მირანჩუკსაც და „ლოკოს“ ლიდერი გახდა. მაგრამ მე ჩემი მდგომარეობა სხვაგვარად დავინახე. რა თქმა უნდა, მათი დამოკიდებულება მეწყინა და ჩემს ადგილზე ნებისმიერ ფეხბურთელს ეწყინებოდა, მაგრამ ერთი ცუდი სიტყვაც არ მითქვამს. იური სიომინი ჩემს მხარეს იყო", - თქვა ხვიჩამ.

კვარაცხელიას „ლოკომოტივიდან“ წასვლის შესახებ მოსკოვური გუნდის სპორტული დირექტორი ანდრეი ლოსიუკი საუბრობს, რომელმაც აღნიშნა, რომ მათ კონტრაქტი გამზადებული ჰქონდათ, მაგრამ ხვიჩამ არჩევანი სხვა გუნდზე გააკეთა.

„როგორ მოხდა ეს... პასუხი ძალიან მარტივია - ეს ხდება. ამ თემაზე რამდენიმე ვერსია მეც მოვისმინე, მაგრამ არაფერს ვიტყვი, რადგან ეს საიდუმლოა. ის ჩვენთან ფეხბურთის სამყაროსთვის უცნობი მოვიდა. ახლა ყველამ იცის მის შესახებ. მასზე ნადირობა დაიწყეს, შესაძლებლობების ძებნა, რომ თავისთან გადაებირებინათ. ისე მოხდა, რომ „რუბინმა“ შეძლო მისი წაყვანა.

3 მილიონი ევროს კომპენსაცია? ჩვენ ხელშეკრულებას ვამზადებდით, ჩვენი აზრით, გონივრულ და მართებულ კონტრაქტს და ვიმედოვნებდით, რომ გავაფორმებდით. კონტრაქტი ხელში მქონდა ბაზაზე, მაგრამ ხელმოწერა არ შედგა. ხვიჩამ არჩევანი სხვა კლუბის სასარგებლოდ გააკეთა. „რუბინი“ სხვათა შორის, ქართულ გუნდს ჰგავდა, იმ დროს გუნდში ბევრი ქართველი იყო. აგენტი ჯუღელი? დიახ, ეს აგენტის ნამოქმედარია“, - თქვა ლოსიუკმა.

არუსტუმიანთან ინტერვიუში კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელიც საუბრობს, რომელმაც განაცხადა, რომ ხვიჩას ევროპული კლუბები იწვევდნენ, მათ შორის, სამი იტალიური გუნდი:

„ევროპაში წასვლამდე ჯერ კიდევ ერთი ან ორი წელი სჭირდება. იყო შემოთავაზება ხუთი კლუბიდან: „ტორინო“, „სასუოლო“, „ზალცბურგი“, „გენტი“ და „უდინეზე“. მაგრამ მე ვიცი, რომ „რუბინი“ ჯერ მზად არ არის მასზე უარის თქმისთვის. მან ჯერ კიდევ უნდა მიიღოს გამოცდილება. შეხედეთ რა გააკეთა ალექსეი მირანჩუმა. ითამაშა აქ, მოიგო ტიტულები, გახდა ლიდერი და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა „ატალანტაში“, ჭკვიანი ბიჭია.

ჩემი ბრალია, რომ ხვიჩა „ლოკომოტივში“ არ დარჩა. ამიტომ, ნუ დაადანაშაულებთ ვასილი კიკნაძეს ან სხვებს. არ მინდოდა და გარიგება არ შეგდა. რატომ? ხვიჩას კარიერის გამო. თუ ის ტრავმას მიიღებდა და 6-7 თვე გაუცდებოდა, „ლოკომოტივთან“ ის ერთწლიანი კონტრაქტი ამოიწურებოდა და რას იზამდა? „რუსთავში“ დაბრუნდებოდა? დაზღვევა მინდოდა, სხვანაირად არ შემეძლო ამის დაშვება“, - თქვა ჯუღელმა.

ნობელ არუსტამიანის მიერ მომზადებული ფილმის სრული ვერსიის ნახვა მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ...

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „რუბინში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა და გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 2 გოლი, 1 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი მოიპოვა. ყაზანურ გუნდთან მას კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.

0.116104