ფეხბურთი

10:53 | 27.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია ტურის სიმბოლურში: "საბა ამ გამარჯვების სიმბოლო იყო"

საქართველოს ნაკრებისა და ვოლგოგრადის „როტორის“ მცველი სოლომონ კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ჩვენებური გამოცემა Soccer.ru-მ გამოარჩია.

„როტორმა“ სეზონში პირველი გამარჯვება მოსკოვში „ლოკომოტივის“ (2:1) წინააღმდეგ მოიპოვა. კლუბთან, რომელსაც კვირკველია იჯარით ჰყავს ვოლგოგრადელთა რიგებში გაშვებული.

ქართველმა შეუცვლელად ითამაშა და ძალიან კარგადაც გაისარჯა, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის ბოლოს მისი მხრიდან თამაშის წესის დარღვევის გამო (ბურთი ხელზე მოხვდა) პენალტი დაინიშნა, რომელიც მოსკოველებმა ვერ გაიტანეს. საბა მიმდინარე სეზონში პირველად დაასახელეს ტურის სიმბოლურში. ზოგადად, ჩანს, რომ კვირკველია ნელ-ნელა ძველ კონდიციებს და სათამაშო ფორმას იბრუნებს, რაც ძალიან კარგია.

„როტორის“ გამარჯვება საგოლე მომენტების ბრწყინვალე რეალიზაციის და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ „ლოკომოტივის“ სიმშვიდის შედეგია, რომლის სიმბოლო სოლომონ კვირკველია იყო. ბოლო პერიოდამდე ქართველი მცველი „ლოკოში“ თამაშობდა, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ კლუბის ბოლო ჩემპიონობაში, მაგრამ შემდეგ „რკინიგზელებს“ ის აღარ დასჭირდათ. საბასთვის ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რომლის გულისთვისაც ვარდნებს აკეთებდა და ყველა ბურთს ეღობებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პენალტი აიკიდა, ხელით შემთხვევით ითამაშა და ანგარიშიც არ შეცვლილა, რადგან ანტონ მირანჩუკმა პენალტი გააფუჭა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ კვირკველია „როტორში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარითაა გადასული და ვოლგოგრადულ გუნდში 5 მატჩი აქვს ჩატარებული. მოსკოვის „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი კი 28 წლის ფეხბურთელს დამდეგ ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

0.115425