ფეხბურთი

10:23 | 11.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

პრინციპული თამაში და ბელარუსთან გამარჯვების შემდეგ საჭირო გვირგვინი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020-ის პლეი-ოფის ნახევარფინალი წარმატებით დაძლია და ევროპის ჩემპიონატამდე უკვე ერთადერთი ნაბიჯი აშორებს. ჩრდილოეთ მაკედონიასთან გადამწყვეტი მატჩი ზუსტად ერთ თვეში გაიმართება.

იქამდე, სხვათა შორის, იმავე მაკედონიელებს ერთა ლიგის ეგიდით შევხდებით 14 ოქტომბერს, ხოლო მანამდე მესმაე ტურში კიდევ ერთი მეტად პრინციპული თამაში გვაქვს სომხეთის ნაკრებთან. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე საომარი პროცეების გამო უეფამ თამაშის ჩატარება პოლონეთში გადაწყვიტა, ამრიგად, სომხეთი მასპინძელია, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად.

ცხადია, ბელარუსთან უმძიმესმა და ურთულესმა თამაშმა დიდი ენერგია წაიღო, მეტწილად - მენტალური. ქართველ ფეხბურთელებს მატჩის ბოლო წუთებში ნერვიულობა აშკარად დაეტყოთ, თუმცა საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ახლა კი, სულ რაღაც სამ დღეში სომხეთთან თამაშია და ადვილი არ იქნება ყველაფრის ცივი გონებით გაანალიზება და ისე თამაში.

სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებს საკმაოდ დიდი დანაკლისი აქვს. გუნდს უახლოეს ორ მატჩში გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარება, რაც უფრო ადრეც ვიცოდით, მას ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია და დავით ხოჭოლავაც შეუერთდნენ. შედეგად, ნათელია, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდის დაცვის ხაზის პოტენციალი მეტისმეტად შესუსტდა. არადა, დაცვის ხაზი ბოლო თამაშებში ყველაზე დამაჯერებელი იყო.

ვლადიმირ ვაისმა ჯერ კიდევ ბელარუსთან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე დააანონსა, რომ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნებოდა, მათ შორის, მეკარის პოზიციაზე. სლოვაკმა ეს ყველაფერი სომხეთთან წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც დაადასტურა.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა

ვინაიდან ვაისმა უკვე თქვა, რომ შანსს სხვა მეკარეც მიიღებს, მაშინ ყველაფერი ცხადია - კარს გიორგი მაკარიძე დაიცავს. ოთარ კაკაბაძე შეუცვლელი ფიგურაა, მაგრამ ტრავმირებულია და იძულებითი ცვლილება მოხდება. ვაისს ორი ვარიანტი ჰყავს - ნიკა მალი ან ჯაბა ჯიღაური. ჩვენი ვერსიით, „დინამო ბათუმის“ შემტევის დაცვაში გამწესება უფრო მოსალოდნელია, რადგან ვაისი მას ამ პოზიციაზე აქამდეც ათამაშებდა და მეტიც, ესტონეთთან სულაც დაცვის საპირისპირო ფლანგზეც ენდო. მარცხენა მცველის პოზიციაზე ისევ ლაშა დვალს ველოდებით, რომელმა ბელარუსთან შეუცვლელად ითამაშა. დაცვის ცენტრში სოლომონ კვირკველიას გურამ კაშიასა და დავით ხოჭოლავას არყოფნაში სავარაუდოდ ჯიმი ტაბიძე შეუწყვილდება. ყოველშემთხვევაში მისი სასტარტო უფრო სავარაუდოა, ვიდრე გია გრიგალავასი, რომელსაც კლუბში სათამაშო პრაქტიკის დეფიციტი აქვს.

ნახევარდაცვის ცენტრში ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის დუეტს ისევ ველოდებით, ხოლო მათ წინ, ანუ ფორვარდს უკან ვაკო გვილია გაირჯება, რომელიც ბელარუსთან თამაშში აქტიურად ჩაერთო.

ფლანგებიდან ხვიჩა კვარაცხელიადა თორნიკე ოქრიაშვილი ალბათ ისევ შეუტევენ, ცენტრფორვარდის პოზიციაზე კი ამჯერად სასტარტოში ნიკა კაჭარავას ან გიორგი ქვილითაიას გამოჩენაა მოსალოდნელი. უფრო მეტი შანსი ალბათ პოზნანის „ლეხის“ შემტევს აქვს.

საქართველოს სავარაუდო შემადგენლობა (4-2-3-1): მაკარიძე; ჯიღაური, კვირკველია, ტაბიძე, დვალი; კანკავა, კვეკვესკირი; კვარაცხელია, გვილია, ოქრიაშვილი; კაჭარავა

მეტოქე

სომხეთის ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის განვლილ ორ ტურში 3 ქულა მოიპოვა. ხოაკინ კაპაროსის გუნდი ჯერ სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა (1:2), ხოლო შემდეგ შინ ესტონეთს დამაჯერებლად (2:0) მოუგო. აღსანიშნავია, რომ წინა თვეში სომხებს გუნდის კაპიტანი და ლიდერი, ჰენრიხ მხითარიანი აკლდათ, ხოლო ახლა „რომას“ შემტევი გუნდთან ერთადაა და სათამაშოდაც მზადაა. ცხადია, მეტოქის ბანაკში მხითარიანი ყველაზე საშიში და ყურადსაღები ფეხბურთელია. ყურადღებას იქცევს ფორვარდი ალექსანდრ კარაპეტიანი, რომელიც თბილისში დაიბადა და 12 წლამდე საქართველოს დედაქალაქში ცხოვრობდა. ის გუნდის მთავარი თავდამსხმელია.

ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ნაკრები სომხეთს პირველად 1997 წლის 30 მარტს თბილისში გაეჯიბრა და 7:0 გაანადგურა. შოთა არველაძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა, მისმა ტყუპისცალმა არჩილ არველაძემ დუბლით გამოიჩინა თავი, ხოლო გიორგი ქინქლაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა თითო გოლი მიითვალეს. სხვათა შორის, ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით მოგებული თამაშია, ხოლო სომხეთისთვის 2019 წლის ნოემბრამდე ყველაზე დიდი სხვაობით მარცხი იყო.

მეორე დაპირისპირება უკვე კვიპროსის საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე შედგა. ლარნაკაში, 2000 წლის 6 თებერვალს ზაზა ჯანაშიას სწრაფ გოლს ტაიმის მიწურულს ვარდან ხაჩატრიანმა უპასუხა, ხოლო გამარჯვების გოლი ზურაბ მენთეშაშვილმა 55-ე წუთზე გაიტანა და საქართველომ სომხეთთან პირად მატჩებში უპირატესობა გაზარდა.

იმავე წლის 26 აპრილს გუნდები უკვე ერევანში შეხვდნენ ერთმანეთს და სპარინგი უგოლოდ დასრულდა.

2004 წლის 21 თებერვალს, ისევ კვიპროსის საერთაშორისო ტურნირზე სომხეთმა ჯერჯერობით პირველი და ბოლო გამარჯვება მოიპოვა. არმან კარამიანმა და ართავაზ კარამიანმა ზურაბ მამალაძის კარში ორი უპასუხო გოლი გაიტანეს.

ბოლო დაპირისპირება 2011 წლის 9 თებერვლით თარიღდება. იმხანად თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ჯვაროსნებმა“ ერევანში ალექსანდრე იაშვილისა და დავით სირაძის პირველივე ტაიმში გატანილი გოლებით იმარჯვეს. მეორე ტაიმში ედგარ მანუჩარიანმა პენალტით სხვაობა კი შეამცირა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა 2:1 იმარჯვა.

ცნობისთვის, ორი ტურის თავზე საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიას ჯგუფში 4-4 ქულა აქვთ, სომხეთს 3, ხოლო ესტონეთმა ორივე თამაში წააგო. ამრიგად, ჯგუფში ძალიან დაძაბული მდგომარეობაა და თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს. ცხადია, ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალი უმთავრესი, შეიძლება ითქვას, ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია, მაგრამ არც ერთა ლიგის C დივიზიონი იმსახურებს უყურადღებობას, სხვა თუ არაფერი, B დივიზიონში დაწინაურება საქართველოს ნაკრების და ზოგადად, ქართული ფეხბურთის პრესტიჟი იქნება.

ბოლოსკენ შეგახსენებთ, რომ სომხეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ შემოგთავაზებთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111054