ფეხბურთი

19:59 | 10.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

სომხეთის ნაკრების მწვრთნელი: "ვიცით, რომ გამარჯვებით ერს გავაბედნიერებთ"

სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხოაკინ კაპარსმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. გამოცდილი ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, იციან, რომ ამ მატჩში გამარჯვება სომეხ ერს გააბედნიერებს.

კაპაროსმა საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა და ზოგადად, ჯგუფში შექმნილ სიტუაციაზეც. მისი აზრით, ვლადიმირ ვაისის გუნდის მთავარი კოზირი გუნდური თამაშია.

„მატჩს საკმაოდ რთული სიტუაციით მივუახლოვდით, მაგრამ გუნდი გაერთიანებულია. სამწვრთნელო შტაბმა და ფეხბურთელებმა კარგად იციან, რომ ამ თამაშის მოგებით ერის გახარებას შევძლებთ. ბევრი ნახევარმცველი და ცოტა მცველი გამოვიძახე? ჩემს გუნდში მყავს ნახევარმცველები, რომელთაც საჭიროების შემთხვევაში დაცვაშიც შეუძლიათ თამაში.

ჰენრიხ მხითარიანი ჩვენთვის ძალიან მნიშვენლოვანია და მისი აქ ყოფნაც კი ფეხბურთელებს მოტივაციას მატებს. ყველა გუნდს ჰყავს ლიდერი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე იღებს და მხითარიანი ჩვენთვის ასეთია.

საქართველოს ძალიან ძალიან კარგი გუნდია. გუნდური თამაში მათი ძლიერი მხარეა, რადგან ბევრი ფეხბურთელი ჰყავთ ისეთი, რომლებიც კლუბებშიც ერთად თამაშობენ. რაც შეეხება ქვეჯგუფს, ვფიქრობ, რომ თანაბარი ბრძოლა იქნება. ნებისმიერი შეცდომა გუნდებისთვის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, - თქვა კაპაროსმა.

შეგახსენებთ, სომხეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ჯგუფში საქართველო და ჩრდ. მაკედონია 4-4 ქულით ლიდერობენ, ხოლო სომხეთს 3 და ესტონეთს 0 ქულა აქვთ.

0.115561