ფეხბურთი

10:21 | 5.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგა: საქართველო ტალინში პირველი გამარჯვებასთვის და ნავსის გასატეხად ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის გათამაშებაში დღეს ჩაერთვება და ტალინში „ა ლე კოქ არენაზე“ ესტონეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული 10-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, 2020 წელს ეს ბუნებრივია ორივე გუნდისთვის სადებიუტო მატჩი იქნება. საქართველოს ნაკრები 31 აგვისტოს შეიკრიბა და თბილისში ემზადებოდა. ესტონელებმაც ნაყოფიერად გაიარეს შეკრება, ყოველშემთხვევაში, ბალტიისპირელთა თავკაც კარელ ვოოლაიდმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ასე თქვა.

ვლადიმირ ვაისის გუნდს არცისე კარგი სერია აქვს, ბოლო 10 თამაშიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ერთა ლიგის D დივიზიონის გათამაშებაში ჯგუფური ეტაპი დაასრულა, მხოლოდ ორი გამარჯვება მოიპოვა, ორივე გიბრალტართან, რაც ცხადია, მოსაწონი და მითუფრო საამაყო შედეგი არაა. სამაგიეროდ, ის თამამად შეგვიძლია ხმამაღლა ვთქვათ, რომ კონკრეტულად ერთა ლიგის ტურნირზე ვაისის გუნდი ჯერ დაუმარცხებელია, 6 მატჩში 5 მოგება და 1 ფრე. წესით, ახლა ევრო 2020-ის ერთა ლიგის პლეი-ოფიც გამართული უნდა იყოს, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო ნახევარფინალი ოქტომბერში, ფინალი კი ნოემბერში გაიმართება. ამაზე მოგვიანებით, იქამდე C დივიზიონია, ახალი და შეიძლება ითქვას, უფრო მაღალი საფეხური.

ესტონეთის ნაკრები წინა ერთა ლიგაზე სწორედ C დივიზიონში იყო და საბერძნეთს ათენში მოუგო, მაგრამ ეს ერთადერთი პოზიტივი იყო. საერთოდ, ბოლო პერიოდში ესტონეთი ღრმა კრიზისშია და უკანასკნელ 5 თამაშში გოლიც არ გაუტანია, ბოლო გამარჯვება კი ჩვენი არ იყოს, გიბრალტართან მოიპოვა.

საქართველოს ნაკრები

საქართველო ერთა ლიგის სტარტს საკმაოდ დიდი დანაკლისით ხვდება. ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია აშშ-დან ვერ ჩამოვიდნენ და გუნდს გამოაკლდნენ, ხოლო ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, გიორგი ნავალოვსკი და ვაკო გვილია ტრავმირებულნი არიან. ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი აქვს, ავსტრიული მედიის ინფორმაციით.

სამაგიეროდ, 22-თვიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს გიორგი ჩაკვეტაძე დაუბრუნდა. ერთა ლიგის კაცი - 6 მატჩში 4 გოლი და ამ ტურნირის ისტორიაში პირველი გოლის ავტორი! საერთოდ, ჩაკვეტაძეს საქართველოს ნაკრების ფორმა ჯერ მხოლოდ 7-ჯერ მოურგია და 5-ჯერ დაამწუხრა მეტოქეები, რაც გადასარევი შედეგია. 2018 წლის ნოემბრის შემდეგ მას ტრავმა ჰქონდა, როცა გამოჯანმრთელდა სანაკრებო მატჩები არ იმართებოდა და თითქმის 2-წლიანი პაუზაც გამოვიდა.

ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი წევრებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას 19 წლის ხვიჩა კვარაცხელია იქცევს. ხვიჩა ეროვნული გუნდისთვის სრულიად ახალბედაა, ჯერ მხოლოდ ერთხელ ითამაშა საქართველოს ნაკრებში, ისიც გიბრალტართან და ისიც 47 წუთით. თუმცა, ბოლო დროს თვალსაჩინოდ მოუმატა და რუსეთის პრემიერლიგაში დიდებულად ირჯება. აქედან გამომდინარე მისდამი ყურადღება ძალიან გაიზარდა. ჩრდილში არც ზურიკო დავითაშვილი იმსახურებს ყოფნას, ისიც კარგ ფორმაშია, თუმცა ალბათ დღეს ვლადიმირ ვაისი ძირითადში არ გაამწესებს.

სავარაუდო შემადგენლობა

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობის გამოცნობა არსებული რესურსიდან გამომდინარე დიდად რთული ამოცანა არ უნდა იყოს. კარს გიორგი ლორია დაიცავს, რომელიც კარგ ფორმაშია და რომელსაც ვაისი ენდობა.

დაცვაში არჩევანი მართლაც მწირია. ნავალოვსკის, ტაბიძის, დვალის ტრავმების შესახებ უკვე ვთქვით, ისევე როგორც კაშიას არყოფნაზე. ამიტომაც, დაცვის ოთხეული ასე იკითხება: ოთარ კაკაბაძე, სოლომონ კვირკველია, გია გრიგალავა, დავით ხოჭოლავა.

საყრდენ ზონაში ვაკო გვილია და ოთარ კიტეიშვილი სერიოზული და დიდი დანაკლისია, ამიტომაც, მოსალოდნელია, რომ ვაისი არჩევანს „ტობოლის“ წყვილზე, ჯაბა კანკავა-ნიკა კვეკვესკირი, შეაჩერებს.

ვაისი დიდი ხანია უპირატესობას 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემას ანიჭებს და გამოკვეთილ ფორვარდს უკან დიდი შანსია, რომ თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე და ხვიჩა კვარაცხელია დააყენოს. აი, წინ კი ორი ვარიანტია: ნიკა კაჭარავა ან გიორგი ქვილითაია. ორივე ცუდ ფორმაშია, მაგრამ კაჭარავას სათამაშო პრაქტიკა აქვს, ქვილითაიას - არა.

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კვირკველია, გრიგალავა, ხოჭოლავა; კანკავა, კვეკვესკირი; ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია; კაჭარავა (ქვილითაია)

ურთიერთშეხვედრები - 6 თამაში, 3 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება (8:7 ბურთების შეფარდება)

დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს ნაკრებს ტალინში სამჯერ აქვს ნათამაშები და გამარჯვება არ მოუპოვებია - 1 ფრე და 2 წაგება. თუმცა, სტუმრად ასეთი უარყოფითი ბალანსის მიუხედავად, საერთო ჯამში მაინც სჯაბნის დღევანდელ მეტოქეს ურთიერშეხვედრებში - 6 მატჩი, 3 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება.

საქართველოსა და ესტონეთის გზები საფეხბურთო მოედანზე პირველად 1998 წლის 18 ნოემბერს, თბილისში გადაიკვეთა. მიხეილ აშვეთიას დუბლსა და დავით ჯანაშიასა გოლს ესტონელებმა მატჩის ბოლოს არიგო არბეიტერის ერთადერთი ბურთით უპასუხეს - 3:1.

2000 წლის 11 ივნისს, ტალინში ამხანაგური თამაში შედგა და ესტონეთმა რაიო პიორიას დასაწყისშივე გატანილი კინკილა გოლით სძლია საქართველოს ნაკრებს.

მორიგი დაპირისპირება 2008 წლის 27 მაისს, ისევ ტალინში შედგა და ამჯერად ფრე დაფიქსირდა. ტრომი კინკის პენალტს 83-ე წუთზე ლევან ყენიამ უპასუხა.

2010 წლის 3 მარტს, „დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაამარცხა. ლევან კობიაშვილის გოლი ატს პურიემ გაქვითა, ხოლო მასპინძლებს გამარჯვება 90-ე წუთზე დავით სირაძემ მოუტანა.

ესტონეთთან ყველზე ცუდი მოგონება 2015 წლის 13 ოქტომბერთან ასოცირდება. ტალინს კახა ცხადაძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ეწვია და 0:3 დამარცხდა. ატს პურიემ, არტურ პიკკიმ და მაქსიმ გუსევმა ამ გუნდების დაპირისპირებებში ყველაზე დიდი ანგარიში დააფიქსირეს.

და ბოლოს, 2018 წლის 27 მარტი, თბილისი, „მიხეილ მესხის“ სტადიონი. ვლადიმირ ვაისის საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი პირველივე ტაიმში ჯიმი ტაბიძისა და ვაკო ყაზაიშვილის გოლებით 2:0 დაამარცხა. ვთქვათ ისიც, რომ ვაისი პირველი მწვრთნელია, რომელიც საქართველოს კონკრეტულად ესტონეთთან მეორე მატჩში უხელმძღვანელებს, მანამდე ყველა თამაშში ქართველებს სხვადასხვა სპეციალისტი ავარჯიშებდათ. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ყველა ეს მატჩი ამხანაგურის სტატუსს ატარებდა და დღეს ოფიციალური სტატუსით საქართველოსა და ესტონეთის გზები პირველად გადაიკვეთება.

აქვე გეტყვით, რომ ესტონეთი - საქართველოს მატჩი დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხზეა" დაგეგმილი.

0.064228