„ბასკონიას“ ქართველმა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ვიტორიელებმა ნახევარფინალში „ვალენსიას“ 75:73 აჯობეს და თორნიკე ზორან დრაგიჩთან ერთად საუკეთესო იყო.
ქართველი მიიჩნევს, რომ ემოციები უნდა გააკონტროლონ, რადგან ჯერ საქმე ბოლომდე არ მიუყვანიათ. „თოკომოტივი“ „ბასკონიას“ ქომაგს დაპირდა, რომ სეზონის ბოლო თამაშში ყველაფერს გაიღებენ.
„კარგ განწყობაზე ვართ, მაგრამ საქმე ჯერ არ დასრულებულა. ჩვენი ემოციები უნდა გავაკონტროლოთ, სიამოვნება მხოლოდ რამდენიმე საათი შეგვიძლია და ხვალიდან (უკვე დღეიდან - რედ) უნდა დავიწყოთ მომდევნო მეტოქის თამაშის ანალიზი.
ვიცოდით, რომ „ვალენსიას“ კალათბურთელები ბევრს ისროდნენ, ჩვენი დავალება იყო დაცვაში ბურთების მაქსიმალურად მოხსნა და შეტევაში გაქცევა. მესამე პერიოდის დასაწყისიდან დაცვაში კარგი თამაში გადამწყვეტი იყო, მეტოქე ვაიძულეთ შეცდომები დაეშვა და ამით მოვაწყვეთ კარგი სერია. დრაგიჩი? მან კარგად იმუშავა დაცვაშიც და შეტევაშიც.
„ბარსელონა“ სერიოზული გუნდია, ეს უკვე დავინახეთ და ვიცით, როგორ თამაშობს. მათ ბევრი იარაღი აქვთ, ჩვენ კი ენერგია უნდა აღვიდგინოთ, ეს ბოლო თამაშია და ყველაფერს გავაკეთებთ“, - თქვა შენგელიამ.
შეგახსენებთ, ლიგა ენდესას ფინალი „ბასკონიასა“ და „ბარსელონას“ შორის 30 ივნისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. ცნობისთვის, ეს გუნდები ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ და მაშინ „ბარსამ“ ბასკები ბოლო პერიოდში გატეხა (81:75).