კალათბურთი

0:03 | 29.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბასკონია" ფინალშია - შენგელია ესპანეთის ჩემპიონობისთვის იბრძვის

„ბასკონია“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალშია და შესაბამისად თორნიკე შენგელიას ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შანსი აქვს. ვიტორიელები ნახევარფინალში ლიგა ენდესას ფინალური ტურნირის მასპინძელ „ვალენსიას“ დაუპირისპირდნენ და ძალიან მძიმე, დაძაბულ ბრძოლაში 75:73 დაამარცხეს.

პირველი ტაიმი ვალენსიელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა და დიდ შესვენებაზე მათი უპირატესობა 9 ქულას შეადგენდა. თუმცა მესამე პერიოდი „ბასკონიამ“ დიდებულად ჩაატარა, 23:13 მოიგო და დასკვნითი ათწუთეულის წინ 1 ქულით წინ გაიჭრა. ბოლო მეოთხედშიც შენგელიას ლიდერობით ბასკებმა შეძლეს ერთი ქულით უპირატესობის გაზრდა (19:18) და საბოლოოდ, მეტოქეს ორი ქულის სხვაობით აჯობეს.

თორნიკეს ჩინებული შეხვედრა ჰქონდა და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 26:53 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. შენგელია 6-დან 4 ორქულიანი (66%), 1-დან 1 სამქულიანი (100%) და 8-დან 6 საჯარიმო (75%) ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა.

„ბასკონიას“ რიგებში ასევე გამორჩეული იყო შევონ შილდსი (13 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი) და ვეტერანი ზორან დრაგიჩი, რომელიც 21 ქულით და მარგი ქმედების 25 კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა. შენგელია ორივე გუნდის რიგებში, როგორც მოპოვებული ქულების, ისე მარგი ქმედების კოეფიციენტის მაჩვენებლით მხოლოდ დრაგიჩს ჩამორჩა.

„ბასკონია“ ფინალში 30 ივნისს, კატალონიის „ბარსელონას“ შეხვდება და ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ეცდება. სხვათა შორის, ეს გუნდები ჯგუფში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ კატალონელებმა იმარჯვეს (81:75).

0.117405