კალათბურთი

2:03 | 24.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია ნახევარფინალშია - "ბასკონიას" შერმადინის "იბეროსტარ ტენერიფე" დაეხმარა

ესპანეთის ლიგა ენდესას ფინალური ტურნირის A ჯგუფში მეოთხე ტური დასრულდა და უკვე გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ბასკონია“ ნახევარფინალშია.

თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა უშუალო კონკურენტი „უნიკახა“ ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ დაამარცხეს, ხოლო ახლა მისი ჯგუფიდან გასვლა გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ გააოფიციალურა.

საქმე ისაა, რომ „ტენერიფე“, რომელიც მეოთხე ტურს უმოტივაციოდ და სამი წაგებით შეხვდა, „ჟოვენტუტს“ გაეჯიბრა, რომელიც დღეს გამარჯვების და ბოლო ტურში „ბასკონიას“ ძლევით ნახევარფინალში გავიდოდა. თუმცა, შერმადინის გარეშე „იბეროსტარ ტენერიფემ“ მოტივირებული მეტოქე 82:80 დაამარცხა, თავად პირველი გამარჯვება იზეიმა და „ჟოვენტუტი“ ჯგუფში ჩატოვა (1 მოგება, 3 წაგება). დიახ, გიორგის არ უთამაშია, რადგან გუნდის ლიდერები დაასვენეს, მაგალითად, ქართველთან ერთად მარსელინო უერტასიც.

შედეგად, ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ბარსელონა“ პირველ ადგილზე გავიდა (4 მოგება, 0 წაგება), ხოლო „ბასკონია“ მეორეზე (3 მოგება, 1 წაგება). მათ ორ ადგილში ვერავინ შეეცილება.

ვინ იქნება შენგელიას „ბასკონიას“ მეტოქე ნახევარფინალში ჯერჯერობით უცნობია, რადგან B ჯგუფში მხოლოდ სამი ტურია გამართული და სიტუაციაც საკმაოდ დაძაბულია.

0.114815