კალათბურთი

19:48 | 23.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

დრამა ვალენსიაში - "ბასკონიამ" ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი ბოლო წამზე გადადგა

ესპანეთის ლიგა ენდესას ფინალური ეტაპის A ჯგუფის მეოთხე ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ვიტორიელებს ამ ტურამდე 2 მოგების წილ 1 მარცხი ჰქონდა, ისევე როგორც მალაგას „უნიკახას“ და მათი შეხვედრა პრაქტიკულად ყველაფერს წყვეტდა. ეს თამაშსაც დაეტყო და მისი ბედი ოვერტაიმის ბოლო წამზე გადაწყდა - 87:86 „ბასკონიას“ სასარგებლოდ.

თორნიკემ 27:03 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა, 7 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 12-დან მხოლოდ 3 ორქულიანი (25%) და 6-დან 3 საჯარიმო (50%) ჩააგდო, ხოლო ორი სამქულიანი ააცილა (0%). შეტევით ფაზაში დაშვებულმა შეცდომებმა ქართველის მარგი ქმედების კოეფიციენტზე მეტისმეტად იმოქმედა - 5. აღსანიშნავია, რომ თოკომ ბოლო მეოთხედში მცირე ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა, მაგრამ ოვერტაიმში პარკეტზე ისევ დაბრუნდა.

მატჩის გმირი იტალიელი აჩილე პოლონარა გამოდგა, რომელმაც 9 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, მაგრამ გარდამტეხ მომენტებში. ჯერ იყო და საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე, როდესაც მისი გუნდი 74:76 მარცხდებოდა, ორქულიანი ჩააგდო და თამაში ოვერტაიმში გადავიდა, ხოლო იქ, მატჩის დასრულებამდე 1 წამით ადრე (86:86-ზე) ორიდან ერთი ჯარიმა გამოიყენა (მეორე) და სწორედ ამ ქულით იმარჯვა „ბასკონიამ“. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა წევრმა მეტ ჯენინგმა კი 12:42 წუთში 5 ქულა დააგროვა.

MVP-ის ტიტული თავის მხრივ პიერია ანრის ერგო, რომელმაც 14 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი მიითვალა 21 მარგი ქმედების კოეფიციენტით. რაც მთავარია ორი უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო, მათ შორის, ოვერტაიმის მიწურულს, როდესაც მისი გუნდი 83:86 მარცხდებოდა.

შედეგად, „ბასკონიას“ ბალანსი 3 მოგება-1 წაგებაა, ჯგუფში მეორე ადგილზეა და ბოლო ტურში 25 ივნისს, „ჟუვენტუტს“ შეხვდება.

0.11687