ფეხბურთი

2:32 | 18.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

გატუზოს სადებიუტო, "ნაპოლის" მეექვსე და "იუვენტუსის" აგონია

„ნაპოლის“ მეექვსე იტალიის თასი და ჯენარო გატუზოს პირველი სამწვრთნელო ტიტული კარიერაში. ასეთია 2019-2020 წლების სეზონის პირველი იტალიური განაჩენი.

რომში, უმაყურებლოდ იტალიის თასის ფინალი გაიმართა, „იუვენტუსი“ „ნაპოლი“ დაუპირისპირდა და ქომაგმა მეტად უღიმღამო თამაში იხილა. საგოლე მომენტები ორივე გუნდის კართან თითზე ჩამოსათვლელად შეიქმნა, მაგრამ ძირითად დროში თუ ვინმეს უნდა გაეტანა, ეს აუცილებლად „ნაპოლი“ იყო.

ჯენარო გატუზოს ბიჭები რამდენჯერმე მართლაც ახლოს იყვნენ გოლთან, მაგრამ ორჯერ ძელი აღემართათ წინაღობად და დანარჩენ შემთხვევებში 42 წლის ჯიჯი ბუფონი. იტალიელმა ლეგენდამ ზედ ბოლო წუთზე მაკსიმოვიჩმს დიდებული დარტყმა აუღო და საკუთარი გუნდი პენალტების სერიამდე მიიყვანა.

პენალტების სერია, რომელიც ისე დასრულდა, რომ კრიშტიანუ რონალდუ ამაოდ ელოდა თავის ჯერს, რომელიც მეხუთე იყო, მაგრამ მისი საქმეში ჩართვა საჭირო არ გახდა - „იუვემ“ იქამდე წააგო.

ალექს მერეტმა ჯერ პაულო დიბალას აუღო, შემდეგ კი დანილომ კარს გადააცილა. საპასუხოდ, „ნაპოლიმ“ ოთხივე დარტყმა უნაკლოდ შეასრულა და ტიტულს დაეუფლა. ამასობაში, მაურიციო სარის გუნდმა მიმდინარე სეზონში მეორედ წააგო ფინალი, ჯერ იტალიის სუპერთასზე „ლაციოსთან“ ახლა, „ნაპოლისთან“.

სხვათა შორის, კრიშტიანუ რონალდუს კარიერაში პირველად მოხდა, რომ ზედიზედ ორი საკლუბო ფინალი წააგო... ეს იქეთ იყოს და, „იუვენტუსის“ თამაშის ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და კლუბის ხელმძღვანელობამ მალე შესაბამის ზომებს თუ არ მიმართა, უსათუოდ უტიტოლოდ დაასრულებს 2019-2020 წლების სეზონს და ურემის გადაბრუნების შემდეგ გზა კი გამოჩნდება, მაგრამ გვიანი იქნება.

გატუზოს კი უნდა მივულოცოთ, მან ეს ტიტული რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ დას მიუძღვნა და ნამდვილად დაიმსახურა.

ნაპოლი“ – „იუვენტუსი“ 0:0 პენ: 4:2 (0:0)

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

უმაყურებლოდ

ნაპოლი“ (4-3-3): მერეტი; დი ლორენცო, მაკსიმოვიჩი, კულიბალი, მარიო რუი (ჰისაი 80); ფაბიან რუისი (ალანი 80), დემე, ზიელინსკი (ელმასი 87); კალეხონი (პოლიტანო 67), მერტენსი (მილიკი 67), ინსინიე

მწვრთნელი: ჯენარო გატუზო

იუვენტუსი“ (4-3-3): ბუფონი; კუადრადო (რემზი 85), დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი (ბერნარდესკი 74), მატუიდი; დიბალა, რონალდუ, დუგლას კოშტა (დანილო 65)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

პენალტების სერია: 0:0 დიბალა (მეკარე), 1:0 ინსინიე, 1:0 დანილო (ააცილა), 2:0 პოლიტანო, 2:1 ბონუჩი, 3:1 მაკსიმოვიჩი, 3:2 რემზი, 4:2 მილიკი

გაფრთხილება: მარიო რუი (77) – ბონუჩი (51), დიბალა (83)

მსაჯი: დანიელე დოვერი

0.127617