ფეხბურთი

10:27 | 15.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

როი კინის წიგნი და გიორგი დემეტრაძის გადარჩენილი "მანჩესტერი" "ოლდ ტრაფორდზე" (+VIDEO)

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული კაპიტნის, როი კინის ავტობიოგრაფიული წიგნი (პირველი ნაწილი) ვისაც წაგიკითხავთ, ალბათ გეხსომებათ, რომ ერთ ეპიზდში საქართველოს ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ გიორგი დემეტრაძესაც ახსენებს.

ირლანდიელი 2000 წლის 8 ნოემბერს იხსენებს, როდესაც „ოლდ ტრაფორდზე“ სათამაშოდ მის გუნდს კიევის „დინამო“ ეწვია. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური.

„მანჩესტერი“ ჯგუფში 7 ქულით მესამე ადგილზე იყო და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა. სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა საწადელს მიაღწია და ტედი შერინგემის მე-18 წუთზე გატანილი გოლით შემდეგ ეტაპზე მართლაც გავიდა.

თუმცა, ამაში თავისებური წვლილი დემეტრაძემ შეიტანა. მატჩის მიწურულს ქართველ ფეხბურთელს ძალიან მაგარი საგოლე შანსი ჰქონდა, 4 მეტრიდან ემუქრებოდა ფაბიენ ბარტეზის კარს, თან ისე, რომ გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ინგლისური გუნდი გადარჩა - ბურთი კარს ასცდა. სწორედ ეს მომენტი აქვს კინს გამოყოფილი თავის წიგნში, სადაც წერს, რომ დემეტრაძემ ორი მეტრიდან ააცილა და „მანჩესტერი“ დიდ სირცხვილს გადაარჩინა. ასეც იყო, „დემეს“ რომ გაეტანა და ის თამაში ფრედ დასრულებულიყო, „მანჩესტერი“ ჯგუფიდან ნამდვილად ვერ გადიოდა...

ჩვენის მხრივ შეგახსენებთ, რომ თავად კიევის „დინამომ“ ჯგუფში 4 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა, 7 გოლი გაიტანა 6 მატჩში და აქედან სამი ქართველების ანგარიშზე იყო - ორი დემეტრაძის, ერთიც კახა კალაძის.

0.117552