უფეხბურთობის ჟამს არქივში გადანაცვლება ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია. აწმყოში კი ვართ დანატრებული ჩემპიონთა ლიგაზე ქართველი ფეხბურთელების გარჯას (გუნდებზე აღარაფერს ვამბობთ), მაგრამ იყო დრო, როდესაც ყველაფერი სხვაგვრად გახლდათ.
2000-2001 წლების სეზონში, კიევის „დინამომ“ ბრიუსელის „ანდერლეხტს“ უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. გამარჯვებაში თავისი წვლილი კიეველთა ქართველმა შემტევმა გიორგი დემეტრაძემაც შეიტანა.
ჩვენებურმა 89-ე და 90-ე წუთებზე ბელგიელთა კარი ორჯერ აიღო და დუბლი შეასრულა. ამ გადმოსახედიდან ქართული დუბლი ჩემპიონთა ლიგაზე როგორ ჟღერს?! სხვათა შორის, ეს ამბავი 2000 წლის 26 სექტემბერს მოხდა და იმ დღეს დემეტრაძეს დაბადების დღე ჰქონდა, 24-ე იუბილე დუბლით აღნიშნა.
ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საკუთარ დაბადების დღეზე დუბლი მხოლოდ ექვს ფეხბურთელს აქვს შესრულებული - ანხელ დი მარია, ჟულიო ბაპტიშტა, ოლე გუნარ სოლსკიაერი, დადო პრშო (ამ შემთხვევაში საერთოდაც პოკერი), რაჰიმ სტერლინგი და გიორგი დემეტრაძე.