ფეხბურთი

22:15 | 8.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვირკველიას წითელი ბარათი გამარჯვების ფასად (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის XXI ტურში მეორე ქართველი ფეხბურთელი გააძევეს. ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ წითელი ბარათით სოლომონ კვირკველია გამოირჩა.

ჩვენებური ზედიზედ მეორედ მოხვდა „ლოკომოტივის“ ძირითად შემადგენლობაში და ურიგოდ სულაც არ უთამაშია, გაძევება გამოუვალ სიტუაციაში მიიღო და როგორც აღმოჩნდა, გაამართლა კიდეც.

გროზნოს „ახმატთან“ მატჩის 84-ე წუთზე ქართველმა დაუცველ კარში მიმავალი ბურთი ხელით შეაჩერა და მისი გუნდი ასე გოლისგან იხსნა, მაგრამ თავად მოედნის დატოვება მოუწია და პენალტიც დაინიშნა. პენალტი კი სტუმართა პორტუგალიელმა ლეგიონერმა ვიზეუმ ვერ გაიტანა, გილერმემ აუღო.

შედეგად, კვირკველიას ნაბიჯი ავად თუ კარგად, გამართლებული აღმოჩნდა, მისი გუნდის გამარჯვებაში წვლილიც დაიდო. იური სიომინის გუნდმა მეტოქეს ედერის პირველივე ტაიმში გატანილი ერთადერთი გოლით მოუგო.

სხვათა შორის, კვირკველიამ ბოლო ორი მატჩი ჩაატარა და "რკინიგზელებს" ამ შეხვედრებში გოლი არ გაუშვიათ, ცუდი ისაა, რომ მომდევნო თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. „ლოკომოტოვი“ ამ გამარჯვებით 38 ქულით მეორე ადგილზე გადავიდა.

0.13252