ფეხბურთი

19:20 | 17.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გარდამტეხი გოლი და თამაში

ფეხბურთელის კარიერაში სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად უმეტესად მთავარი სწორი გადაწყვეტილების მიღება და შესაბამის მომენტში სათანადო ადგილზე მოხვედრაა.

არაერთი ქართველი ფეხბურთელის კარიერა შეფერხებულა და ვერ განვითარებულა იმის გამო, რომ თავის დროზე მცდარი არჩევანი გააკეთეს. ეს მეტად საყურადღებო საკითხია.

2015-2016 წლების სეზონის შუა ნაწილში ფამაგუსტას „ანორთოსისიდან“ იმხანად 21 წლის გიორგი აბურჯანია ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბინადარ „ხიმნასტიკში“ აღმოჩნდა და ეს ნაბიჯი ძალზე დადებითად წაადგა. გიორგიმ ესპანურ ფეხბურთს ალღო მალევე აუღო და მართალია, „ნასტიკი“ ვარსკვლავებს არ ეთამაშებოდა, მაგრამ ჩვენებური მის ლიდერად უმალვე იქცა. 21 წლის პერსპექტიული მოთამაშისთვის კი, ესპანეთის სეგუნდაში წარმატებული გარჯა კარიერის დიდი ტრამპლინი ხშირად გამხდარა.

ტარაგონელთა რიგებში აბურჯანიამ სულ 16 თამაში ჩაატარა (2 გოლი), მაგრამ იმდენად შთამბეჭდავად ირჯებოდა, რომ უკეთესი კლუბებისგან წინადადებებიც მიიღო. შედეგად, იმავე წლის ზაფხულში „ხიმნასტიკი“ დატოვა და „სევილიას“ მიაშურა. „სევილია“ ცხადია დიდებული გუნდია, მაგრამ უფრო ზუსტნი თუ ვიქნებით, ჩვენებური ანდალუზიელთა მეორე გუნდში მოხვდა და ეს თავიდანვე ცნობილი იყო. შედეგად, როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, ეს ნაბიჯი არ იყო დროული და არც შესაფერისი. „სევილიას“ მეორე გუნდში გადასვლას ნამდვილად ტარაგონაში დარჩენა სჯობდა და წარუმატებელი ტრანსფერი რომ აღმოჩნდა, ამას დიდი მტკიცი-ფიცი არ სჭირდება.

არადა, აბურჯანია მეტად ნიჭიერი ფეხბურთელია, ჭკვიანი ნახევარმცველი, რომელსაც შეუძლია როგორც დაცვით ფაზაში მონაწილეობა, ისე შეტევის წამოწყება, განვითარება და დაგვირგვინებაც. ტექნიკური და მოაზროვნე მოთამაშე, რომელსაც სევილიაში უბრალოდ შანსი არ მიეცა და არც ნდობას გრძნობდა. როდესაც ფეხბურთელი სამწვრთნელო შტაბისგან ნდობას ვერ გრძნობს, რთულია მაქსიმუმი გამოავლინოს და ზუსტად ამასთან გვქონდა საქმე.

ერთი სეზონით ქართველი ნახევარმცველი „ლუგოშიც“ გაანათხოვრეს, სადაც ასევე ვერ მოიკიდა ფეხი და შედეგად, გასულ ზაფხულს ორწლიანი იჯარით ერედივიზიონში გადაინაცვლა, სადაც ძველმა ნაცნობმა ტედ ლევუენმა მიიწვია. ენსხედეს „ტვენტე“ ნიდერლანდური ფეხბურთის გრანდი არასდროს ყოფილა, მაგრამ ჰქონდა საინტერესო სეზონები და ამაზე გაცილებით ძლიერიც ხშირად ყოფილა.

იქაური ფეხბურთი ზუსტად შეეფერება გიორგის სტილს, მაგრამ თავიდან საკმაოდ გაუჭირდა. ნახევარ სეზონზე მეტი გავიდა და ქართველმა ერედივიზონში 14 თამაში ჩაატარა, აქედან მხოლოდ ორჯერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში და ერთხელ ითამაშა შეუცვლელად. ნდობა აქაც აკლია, მაგრამ ახლა შესაძლოა მისი კარიერის გარდამტეხი ეტაპი დაიწყო. ორიოდ დღის წინ აბურჯანია „ტვენტეს“ მთავარმა მწვრთნელმა სეზონში მეორედ გაამწესა სასტარტოში და პირველად ათამაშა შეუცვლელად. თანაც ეს ჩემპიონობისთვის მებრძოლ და „აიაქსის“ მდევარ „ალკმაართან“ შეხვედრაში მოხდა, რაც ნამდვილად გამოსარჩევია.

„აბუმ“ კი, ჩინებული მატჩი ჩაატარა და მწვრთნელის ნდობა სრულად გაამართლა. აბურჯანიამ „ალკმაართან“ ფასეულ გამარჯვებაში (2:0) დიდი წვლილი შეიტანა და და 25-ე წუთზე თავისივე მოპოვებული ჯარიმა ბრწყინვალედ შეასრულა. ეს მისი მეორე გოლი გამოდგა ამ სეზონში. მთავარი ისაა, რომ 25 წლის ფეხბურთელმა პირველივე ჯერზე, როდესაც მწვრთნელი ბოლომდე ენდო, სეზონში საუკეთესო თამაში ჩაატარა. საერთოდაც, სამწვრთნელო შტაბის ნდობას თავი რომ დავანებოთ, ვინ იცის, განვლილმა 90-მა წუთმა ჩვენებურს საკუთარი თავის რწმენაც აუმაღლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია შესაძლებლობების მაქსიმალურად და მაღალ დონეზე წარმოჩენაში.

როგორც უკვე ვთქვით, ვინძლო ეს გარდამტეხიც გამოდგეს და ენსხედელთა ძირითადში ფეხი მოიკიდოს, რაც განვითარების და სხვა ეტაპზე ასვლის შესაძლებლობას მისცემს. ერედივიზონი კი წამყვანი საფეხბურთო ლიგებისკენ ფეხბურთელთა დიდი ტრამპლინი რომ არის, ეს არახალი ამბავია.

საკლუბო კარიერაში არასტაბილურმა ვითარებამ გიორგის სანაკრებო კარიერაც შეაფერხა და მართალია ხშირად უხმობს ვლადიმირ ვაისი, მაგრამ რომ ვთქვათ,„ჯვაროსნების“ შეუცვლელ ფიგურად იქცაო, მართალი არ ვიქნებით. ამიტომაც, „ტვენტეში“ სტაბილური ყოფა საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთ ძალიან კარგ ფეხბურთელს შემატებს და ეჭვი არ გვეპარება, რომ გიორგი აბურჯანიას ნამდვილად ხელეწიფება ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდისთვის ფასდაუდებელი სარგებლის მოტანა. ახლა მთავარია ნდობა ისევ მიიღოს და მერე ყველაფერი მის ხელთ იქნება - ბურთიც და მოედანიც...

0.465235