ფეხბურთი

10:18 | 12.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

კრიტიკა, როგორც მოტივაცია - საბა ლობჟანიძის კარიერის ახალი ეტაპი
"ვიცი რასაც ვაკეთებ და ყველაფერი გამომივა"

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა შეიცვალა ნავსაყუდელი და ერთ-ერთი მათგანი საბა ლობჟანიძეა. 25 წლის ჩვენებური ბოლო ხანს დანიურ „რანდერსში“ წარმატებით ირჯებოდა და გუნდის აშკარა ლიდერიც იყო.

საბამ სკანდინავია დატოვა და საქართველოს მეზობლად, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დაიდო ბინა, სადაც კონტრაქტი სუპერლიგის ბინადარ „ანკარაგიუჯუსთან“ გააფორმა. ჯერჯერობით ლობჟანიძე ახალ გუნდში ადაპტაციის პერიოდს გადის, თუმცა ორი თამაში უკვე ჩაატარა, ორივე ძირითადში და ორჯერვე საკმაოდ აქტიურიც იყო. სხვათა შორის, მისი გუნდი გასავარდნ ზონაშია, თუმცა მეორე წრე კარგად დაიწყო და ორ ტურში მოპოვებული 4 ქულით ერთი პოზიციით დაწინაურებაც მოახერხა.

და მაინც, ქართული ფეხბურთის ქომაგში დიდი რეზონანსი გამოიწვია დანიიდან თურქეთის ჩემპიონატის აუტსაიდერში გადასვლამ და ეს გასაკვირი არაა. საბა ხომ „რანდერსში“ მართლაც ნათელი წერტილი იყო და ბუნებრივია, მისთვის ბევრად მეტი გვემეტებ(ოდ)ა.

ქართველ შემტევს WORLDSPORT.GE თურქეთში დაუკავშირდა და სწორედ ტრანსფერის შესახებ გავესაუბრეთ. ჩვენებურმა განმარტა თავისი არჩევანი და კრიტიკა, რომელიც ამ ნაბიჯის გამო მიიღო, არ აბრაზებს, პირიქით - ახარებს.

რატომ „ანკარაგიუჯუ“

„თურქეთის ჩემპიონატი ჩემთვის კარგი გამოცდილება იქნება და დიდი იმედი მაქვს, რომ თურქეთიდან მომავალში უფრო დიდ ნაბიჯს გადავდგამ. „ანკარაგიუჯუ“ იმიტომ, რომ უბრალოდ მჯერა ამ გუნდის და საკუთარი თავის“.

დახვედრა ახალ გუნდში

„გუნდში ძალიან კარგად დამხვდნენ და ვიტყვი, რომ ძალიან თბილი გარემოა. ქომაგებისგანაც დიდ სითბოს და მხარდაჭერას ვგრძნობ და რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის სასიამოვნოა“.

ლობჟანიძის დებიუტი მშობლიურ არენაზე „ქასიმპაშასთან“ შეხვედრაში შედგა. დებიუტი კარგი გამოვიდა, მაგრამ ცოტა უიღბლოც იყო, რადგან ორჯერ შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ორჯერვე ძელი აღიმართა მის წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, ჩვენებური ამაზე არ ღელავს და მომავალში დარწმუნებულია, რომ გაიტანს.

სადებიუტო თამაში და ორი ძელი

„ძელს ორჯერ მოხვდა, მაგრამ წუწუნის და გულისტკივილის დრო არ მაქვს, შემდეგში ვეცდები, რომ გავიტანო“

მარჯვენა ფლანგზე

„მარცხენა ფლანგიდან უფრო მსიამოვნებს თამაში, თუმცა მარჯვნიდან თამაშზეც პრობლემა არ მაქვს. თამაში რომ ჩავაგდო, ნამდვილად არ ვიტყვი იმას, რომ მწვრთნელის ბრალია, რადგან მარჯვენა ფლანგზე მათამაშებს-მეთქი“.

საბას თურქულ არჩევანს საკმაო კრიტიკა მოჰყვა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი ამას პოზიტიურად უყურებს და ამბობს, რომ მოტივაციას უმაღლებს.

არჩევანის კრიტიკა

„ერთ-ერთ ინტერვიუშიც ვთქვი და ახლაც ვიტყვი - ძალიან ბევრი კრიტიკა მოვისმინე და წავიკითხე ჩემს ტრანსფერზე. სიმართლე გითხრათ, სულაც არ ვარ ამის გამო გაბრაზებული, პირიქით, ძალიან მიხარია, რომ ხალხი ჩემგან მეტს ითხოვს და ჩემი ეიმედება. ჩემთვის ბევრს ნიშნავს და ეს ყველაფერი მოტივაციას მიმაღლებს. უბრალოდ ვიცი, რასაც ვაკეთებ და ვიცი, რომ ყველაფერი გამომივა. თუ გუნდი დაქვეითდება, მეორე ლიგაში თამაშს ნამდვილად არ ვაპირებ“.

„რანდერსიდან“ წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი კონტრაქტი გახდა. დანიელებთან ჩვენებურს ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურებოდა და თავისუფალი აგენტი ხდებოდა. ახალ კონტრაქტზე უარი თქვა, ხოლო სკანდინავიელებს მისი უფასოდ დაკარგვა არ სურდათ. ამიტომაც, ტრანსფერი იანვარში შედგა და „რანდერსის“ სპორტულ დირექტორ სურენ პედერსენს კმაყოფილება არც დაუმალავს.

„რანდერსი“ და კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩენილი 6 თვე

„დიახ, ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ კონტრაქტი ზაფხულში მიმთავრდებოდა, „რანდერსს“ ახალი კონტრაქტი უნდოდა, რაზეც უარი ვუთხარი და იყო იმის შანსი, რომ გაზაფხულზე სათამაშო პრაქტიკა არ მქონოდა. ამიტომ, ჩემთვის და საქართველოს ნაკრებისთვის კარიერის ამ ეტაპზე უთამაშებლობა ნამდვილად არ იქნებოდა სასურველი“.

დანიური 2.5 წელი

„რანდერსი“, ის ადგილი, ის ხალხი ძალიან შემიყვარდა და თითოეული მომენტისთვის მათი მადლიერი ვარ. ამას მთელი გულით ვამბობ...“

სხვა ვარიანტები და სხვა წინადადებები

„ვერაფერს ვიტყვი ამაზე, შესაძლოა იყო კიდეც, მაგრამ ახლა აქ ვარ და წარსულზე ლაპარაკი არ მინდა“

ახალი გუნდი და ახალი ნომერი - კობი ბრაიანტის 24

„კობის ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს და ბევრს ნიშნავს ჩემთვის ეს ყველაფერი. ამიტომ, ნომრის არჩევის დროს ბევრი ნამდვილად არ მიფიქრია“.

ერთა ლიგა

„ერთა ლიგის მნიშვნელობას ბევრი საუბარი არ სჭირდება. უბრალოდ უნდა გავიდეთ მოედანზე და ორივე თამაში, ორივე ბრძოლა მოვიგოთ“.

გულშემატკივრობა თურქეთში, როგორც გამოწვევა

„ანკარაგიუჯუს“ ძალიან მაგარი გულშემატკივრები ჰყავს. მათი მხრიდან დიდ სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ. ჩემის მხრივ, მინდა, რომ ჩემი ამბიცია და თავდაჯერება მოედანზე გადავიტანო“.

0.131552