საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე თურქულ „ანკარაგიუჯიუში“ ოფიციალურად გადავიდა. აღნიშნული ინფორმაცია „რანდერსმა“ საკუთარ ვებგვერდზე დაადასტურა.
ჯერჯერობით უცნობია ლობჟანიძის ახალი კონტრაქტის ხანგრძლივობა, რადგან ამ წუთისთვის თურქულ გუნდს განცხადება არ გაუკეთებია.
„რანდერსი“ კი, საბას მადლობას უხდის გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს. კლუბის სპორტული დირექტორის, სორენ პედერსენის თქმით, ლობჟანიძე გუნდისთვის დიდი დანაკლისია, მაგრამ მიზანი ყოველთვის მისი გაყიდვა და ამის მეშვეობით ფინანსური მოგების მიღება იყო:
„მიზანი ყოველთვის იყო საბა ლობჟანიძის გაყიდვა და ამით ფინანსური მოგების მიღება, სანამ ამ ზაფხულს კონტრაქტი ამოიწურებოდა. ჩვენ ეს შევძელით და ძალიან კმაყოფილები ვართ. რასაკვირველია, ეს სპორტული კუთხით დიდი დანაკლისია, რადგან საბა „რანდერსის“ ლიდერი იყო ბოლო წლებში. მიუხედავად ამისა, ჩვენ ძლიერი გუნდის შექმნაზე ვფიქრობთ, რომელსაც შეუძლია ექვსეულში მოხვედრა“, - თქვა დანიური გუნდის სპორტულმა დირექტორმა სორენ პედერსენმა.
შეგახსენებთ, საბა ლობჟანიძე „რანდერსში“ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა და მას შემდეგ დანიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 91 თამაშში 32 გოლი გაიტანა. რაც შეეხება, „ანკარაგიუჯიუს“, თურქეთის სუპერლიგაში 19 ტურის შემდეგ 13 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და სამშვიდობო ზონას 4 ქულა აშორებს.