ფეხბურთი

21:57 | 10.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიური მედია: "რა პოზიციაზე ათამაშებს თორუპი ჩაკვეტაძეს?"

ბელგიურმა გამოცემა Walfoot.be-მ გიორგი ჩაკვეტაძეს წერილი მიუძღვნა. გამოცემა ქართველის მოედანზე დაბრუნების შემდეგ იმაზე მსჯელობს, სად შეიძლება გამოძებნოს იეს თორუპმა მისთვის ძირითად შემადგენლობაში ადგილი.

საქმე ისაა, რომ „გენტი“ ჩინებულ სეზონს ატარებს, ევროპა ლიგის ჯგუფიდან გავიდა და ბელგიის ჩემპიონატშიც მეორე საფეხურზეა. სწორედ ამიტომ, ვარაუდობენ, რომ დანიელ სპეციალისტს ძირითადი შემადგენლობის შეცვლა გაუჭირდება.

„ქართველი შემტევი ნახევარმცველი შაბათს თითქმის რვათვიანი არყოფნის შემდეგ დაბრუნდა. ახლა კი ჩნდება კითხვა: სად და როგორ აპირებს იეს თორუპი მის გამოყენებას? ნახევარდაცვა ამ სეზონში „გენტის“ მთავარი ძალაა. ელიშა ოვუსუმ უკვე დაამტკიცა, რომ ძალიან სასარგებლო პაიკია, რადგან თავდაცვაც კარგად შეუძლია. სვენ კუმსი და ოჯიჯა ოფოე დიდ კლასს აჩვენებენ, ხოლო დავიდი ნამდვილი ტალანტია.

შეტევაც ძალიან კარგად მუშაობს იარემჩუკთან და დეპუატრესთან ერთად, ისინი მუდმივად აწუხებენ მცველებს. ქვილითაიასა და ბეზუსის სახით სათადარიგო სკამის სიღრმეც მნიშვნელოვანია. საკითხავია შეძლებს თუ არა ჩაკვეტაძე დავიდის ან იარემჩუკის ადგილის დაკავებას. მიუხედავად მისი ნიჭისა, ეს სულაც არ არის აშკარა. ასევე თითქმის გამორიცხულია, რომ თორუპმა ჩაკვეტაძის გამო ტაქტიკა შეცვალოს.

ქართველს აქვს უნარი, რომ ითამაშოს როგორც მარცხენა ფლანგზე, ისე შუაში შემტევ ნახევარმცველად და შესაბამისად, სხვადასხვა სისტემაში თამაში შეუძლია. ეს არის „გენტის“ ერთ-ერთი სიძლიერე პლეი-ოფისთვის. ჩაკვეტაძე ნამდვილად არის გაძლიერება ეს იქნება ძირითად შემადგენლობაში თუ სათადარიგო სკამიდან“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძე 21 აპრილის შემდეგ მოედანს „ზულტე ვარეგემთან“ მატჩით დაუბრუნდა და მინდორზე გატარებულ 15 წუთში აქტიურობითაც გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115227