ფეხბურთი

20:25 | 28.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია: "ლოკომოტივში" დარჩენას არ ვნანობ და მინდა "ლივერპულის" წინააღმდეგ ვითამაშო"
"ლოკომოტივში" ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, უთამაშებლობის მიზეზი მხოლოდ ტრავმაა"

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ქართველმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ Championat-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. 27 წლის ფეხბურთელმა რუსულ გუნდში უთამაშებლობის საკითხზე გააკეთა კომენტარი, რომელიც უკვე გამცნეთ.

გარდა ამისა, კვირკველიამ აღნიშნა, რომ „ლოკომოტივში“ დარჩენას არ ნანობს, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერლიგაში გადასვლის შანსი ჰქონდა. გამოთქვა სურვილი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ლივერპულთან“ დაპირისპირების და არ ესმის იმ ადამიანებს, რომლებიც მასზე ჭორაობენ.

პრემიერლიგა და „ლივერპულთან“ თამაშის სურვილი

„ლოკომოტივი“ ძალიან მომწონს, სიომინი ნამდვილად მიყვარს, მან ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა. „ლესტერი“? ინგლისის პრემიერლიგაში წასვლა თუ მენდომება, წავალ. იყო წინადადება, როდესაც ჩემპიონები გავხდით, მაგრამ არაფერს ვნანობ. დავრჩი და ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორედ ვითამაშებ. მინდა „ლივერპულს“ შევხვდეთ, ეს უმაღლესი დონეა. მათ წინააღმდეგ „ენფილდზე“ „რუბინის“ მაისურით ვითამაშე და დიდი სიამოვნება მივიღე. ჩვენ ნამდვილად უკეთ ვიაპარეზებთ ჩემპიონთა ლიგაზე, ვიდრე შარშან. ვეცდებით, ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილზე გავიდეთ და ევროპა ლიგაზე გადავინაცვლოთ“.

უთამაშებლობის მოტივი

"მოედანზე ჩემი არყოფნის მიზეზი მარტივია - ტრავმა! არ მესმის რაზეა საუბარი, როდესაც სხვა რაღაცებს ამბობენ. მერწმუნეთ, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ადამიანები, რომლებიც ჭორებს ავრცელებენ, მანამდეც ცუდად საუბრობდნენ ჩემზე. როდესაც „რუბინიდან“ „ლოკომოტივში“ გადავედი, თქვეს, რომ მეორე ლიგის დონის მოთამაშე ვიყავი. კარგი იქნება, ეს ადამიანები პირს თუ დახურავენ!“

შეგახსენებთ, სოლომონ კვირკველია „ლოკომოტივში“ 2017 წლის ზამთარში გადავიდა ყაზანის „რუბინიდან“ და დღემდე ყველა ტურნირის ჩათვლით 98 შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა. ერთხელ რუსეთის ჩემპიონი გახდა, ორჯერ რუსეთის თასი მოიგო, ხოლო ერთხელაც რუსეთის სუპერთასი.

0.122968