ფეხბურთი

19:59 | 28.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიამ "ლოკომოტივში" უთამაშებლობაზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრების მცველმა სოლომონ კვირკველიამ მოსკოვის „ლოკომოტივში“ უთამაშებლობაზე კომენტარი გააკეთა. ქართველ ფეხბურთელს Championat-ის კორესპონდენტი ესაუბრა და როგორც კვირკველიამ თქვა, 100%-ით მზად მალე იქნება.

კვირკველიას განცხადებით, რუსეთის პრემიერლიგის დამდეგ ტურში „როსტოვთან“ მისი თამაშის შანსი დაბალია, მაგრამ სანაკრებო პაუზის შემდეგ მოედანზე დასაბრუნებლად მზად იქნება თუ რა თქმა უნდა, მწვრთნელი არჩევანს მასზე გააკეთებს.

„მთავარ ჯგუფთან ერთად ვვარჯიშობ და ფორმას ვიღდგენ. გასულ სეზონში „უფასთან“ მატჩში საზარდული დავიზიანე და შეცვლა მოვითხოვე. გამოვტოვე მოსამზადებელი ეტაპი, როდესაც ფეხბურთელს დიდი ხანი გაუცდება, ძალიან რთულია. ვარჯიშის განახლებაც კი ძნელი იყო, საზარდულმა ძალიან დამაზარალა. მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა, 100%-ით მზად სულ მალე ვიქნები, მკურნალობამ სამი თვე გასტანა. ნაკლებ სავარაუდოა, რომ „როსტოვთან“ თამაში მოვახერხო, მაგრამ ტკივილები უკვე გამქრალია და ეროვნულ ნაკრებშიც წასვლის უფლებაც მომცეს. ვფიქრობ, მოედანზე დაბრუნება სწორედ სანაკრებო მატჩების შემდეგ შემეძლება, როდესაც პაუზის მერე პრემიერლიგა განახლდება. შემდეგ კი არჩევანი მწვრთნელზე იქნება“, - თქვა კვირკველიამ.

შეგახსენებთ, სოლომონ კვირკველიამ, რომელსაც გასულ სეზონში პრემიერლიგის 29-ვე მატჩი შეუცვლელად ჰქონდა ნათამაშები, 26 მაისს, ბოლო ტურში „უფასთან“ პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია.

მიმდინარე სეზონში კი, „რკინიგზელებმა“ უკვე 6 მატჩი ჩაატარეს (ერთიც რუსეთის სუპერთასზე), მაგრამ ქართველი ამ პერიოდში მხოლოდ სათადარიგო სკამზე ჯდომით შემოიფარგლა. მოსკოვური გუნდი 31 აგვისტოს, „როსტოვს“ უმასპინძლებს, შემდეგ კი სანაკრებო პაუზა დაისადგურებს და კვირკველიაც საქართველოს ნაკრებში სამხრეთ კორეისა და დანიის ნაკრებთან მატჩებისთვის გამოძახებულია.

თუ ქართველი ფეხბურთელის სიტყვებს დავეყრდნობით, „ლოკომოტივში“ თამაში 15 სექტემბერს, „სოჭთან“ დაპირისპირებაში შეეძლება, ხოლო ამ მატჩიდან სამი დღის თავზე „რკინიგზელები“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაშიც ჩაერთვებიან.

0.112228