სხვა

13:17 | 5.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნაგოია ბაშოს სასტარტო დღეების განრიგი ცნობილია

იაპონიის სუმოს ასოციაციამ მოახლოებული ივლისის ბაშოს სასტარტო დღეების განრიგი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც კვლავაც ოძეკის წოდებამდე აღზევებული ქართველი სეკიტორი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) სასტარტო ორთაბრძოლას ენდოსთან ჩაატარებს.

ეს უკანასკნელი დასავლეთის მე-2 მაეგაშირა გახლავთ და ლევანს მასთან საკმაოდ უჭირს ხოლმე. ქართველი სუმოისტი იაპონელს 8-ჯერ დაპირისპირებია და აქტივში მხოლოდ 3 გამარჯვება აქვს.
ტოჩინოშინს რთული შერკინება ელის ნაგოია ბაშოს მე-2 დღესაც, როდესაც დოჰიოზე მის პირისპირ აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა შოდაი დადგება. ამ უკანასკნელთან ლევანს თანაბარი ბალანსი (6 მოგება, 6 მარცხი) გააჩნია.
ცნობისთვის, გორგაძეს ჯერაც აწუხებს გასულ ბაშოზე მიღებული მარჯვენა მუხლის ტრავმა, რასაც რამდენიმე დღის წინ, ვარჯიშზე მარცხენა მარცხენა მხრის დაზიანება მოჰყვა. ლევანს საქმეში ჩართვა გამაყუჩებლებით მოუწევს და იმედია, სასურველი შედეგის დაფიქსირებას შესძლებს.
აქვე ვთქვათ, რომ ივლისის სუპერტურნირზე ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში, ტრავმების გამო, ვერ ვიხილავთ ოძეკი ტაკაკეიშოსა და აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა იოშიკაძეს.
შედეგად, ტაკაკეიშო ოძეკის წოდებას დაკარგავს და საშემოდგომო შეჯიბრს სეკივაკეს რანგში შეხვდება, თუმცა, თუკი 10 ორთაბრძოლას მოიგებს, პრესტიჟულ ტიტულს დაიბრუნებს. თავის მხრივ, 37 წლის ვეტერანი იოშიკაძე მომდევნო ტურნირს რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში გამართავს.
ნაგოიას ბაშოს სწორედ ჯურიოში ჩაატარებს გაგამარუს შიკონათი ცნობილი ქართველი გოლიათი თეიმურაზ ჯუღელი, რომელიც მოახლოებულ ბატალიებს დასავლეთის მე-2 ნომრის რანგში ხვდება. გაგამარუს პირველი მეტოქე აღმოსავლეთის მე-2 რეიტინგის მქონე იშიურა იქნება, რომელსაც ჩვენებური 2:1 ამარცხებს.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო ტურნირი 7-21 ივლისს ნაგოიაში, კერძოდ კი, აიჩის პრეფექტურის გიმნაზიუმში შედგება.

0.120557