ჭიდაობა

21:01 | 25.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

გივი მაჭარაშვილი ფინალშია, ლომთაძე და კენჭაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ

მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე წარმატებით ასპარეზობს თავისუფალ სტილით ჭიდაობაში გივი მაჭარაშვილი. ქართველმა ფალავანმა დღეს შესანიშნავად იჭიდავა და ფინალში გასვლა მოახერხა.

125 კგ წონით კატეგორიაში მაჭარაშვილმა ფინალამდე ფინელ ჰეინოს ადვილად 10:0 აჯობა, ხოლო მეოთხედფინალში რუმინელი ჩინტოანი კიდევ უფრო მარტივად 14:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

აქ კი, გივის გაცილებით მძიმე ბრძოლის გადატანა მოუხდა აზერბაიჯანელ ჯამალუდინ მაგომედოვთან. თავდაპირველად ქართველი 2 ქულით იგებდა, მაგრამ მატჩის მიწირულს მეტოქემ გაათანაბრა და ბოლო ქულის უპირატესობით ფინალშიც გადიოდა. თუმცა, ქართველმა მოჭიდავემ მობილიზება მოახერხა ანგარიშის გათანაბრებიდა რამდენიმე წამში მაგომედოვს გადამწყვეტი 2 ქულა აართვა და 4:2 გაიმარჯვა. შედეგად, ფინალში გავიდა, რომელიც 26 ივნისს, თბილისის დროით 21:00 საათიდან დაიწყება და ჩვენებურის მეტოქე რუსი ანზორ ხიზრიევი იქნება.

გარდა იმისა, რომ გივი მაჭარაშვილს მინიმუმ ვერცხლის მედალი გარანტირებული აქვს და ოქროსთვისაც იბრძოლებს, საქართველოს დელეგაციას ხვალ ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსიც ექნება. თავისუფალ ჭიდაობაში ავთანდილ კენჭაძე (74კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბელარუს ნურიკაუს შეხვდება, ხოლო ლაშა ლომთაძე (57 კგ) დამამშვიდებელ წრეში ჩაებმება. ლომთაძე თურქ ატლისთან გამარჯვების შემთხვევაში მედლისთვის უკრაინელ მარკოვიჩს გაეჯიბრება.

0.117806