ფეხბურთი

15:43 | 2.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხოსე ანტონიო რეიესი - კარიერის ისტორია

ცნობილი ესპანელი ფეხბურთელის, ხოსე ანტონიო რეიესის სიცოცხლე გუშინ ტრაგიკულად დასრულდა. 35 წლის რეიესი ავტოავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც მისი მანქანა დაიწვა.

ხოსე ანტონიო რეიესს საკმაოდ სახელოვანი კარიერა ჰქონდა და არაერთ წარმატებასაც მიაღწია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ თავდაპირველად, როცა საფეხბურთო სცენაზე გამოჩნდა, მასზე დიდი ავანსი გაიცა და ეჭვგარეშეა, ბოლომდე მისი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა.

მიუხედავად ამისა, რეიესის კარიერას მაინც არაფერი დაეწუნება. ვეცდებით, აწ გარდაცვლილი ფეხბურთელის განვლილი საფეხბურთო გზა მოკლედ გავიხსენოთ...

ხოსე ანტონიო რეიესი „სევილიას“ კანტერაში გაიზარდა. 16 წლის ასაკში კი დებიუტი ჰქონდა. უტრერაში 1983 წელს დაბადებული ფეხბურთელი „სევილიას“ ისტორიაში ყველაზე ახლაგაზრდა დებიუტანტია ლა ლიგაში.

რეიესს ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. 16, 19, და 21 წლამდე გუნდებში, ბოლოს კი, ეროვნულ ნაკრებშიც, სადაც 22 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ამასთან 19 წლამდე ევროპის ჩემპიონია.

ახალგაზრდულ და მთავარ გუნდში გატარებული 10 წლის შემდეგ ხოსემ „სევილია“ დატოვა 2004 წელს (გაიტანა 21 გოლი) და „არსენალში“ გადავიდა. „მეთოფეებმა“ მის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გაიღეს, რაც იმ პერიოდისთვის სოლიდური თანხა იყო.

„არსენალის“ მაისურით დებიუტი 2004 წლის 31 იანვარს ჰქონდა „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ. იმავე წელს მოიგო ინგლისის პრემიერლიგა და გახდა პირველი ესპანელი ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

„არსენალში“ 2.5 წელიწადი გაატარა, პრემიერლიგის გარდა მოიგო ასოციაციის თასი 2005 წელს, ხოლო 2006 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბარსელონასთან’ დამარცხდა. „მეთოფეების“ რიგებში ესპანელმა 110 თამაშში 23 გოლი გაიტანა.

2006 წლის ზაფხულში იჯარით „რეალში“ აღმოჩნდა (ჟულიო ბაპტიშტაში გაიცვალა). „ბლანკოსთან“ ერთად 2006-2007 წლების სეზონში 37 თამაშში 7 გოლი გაიტანა. გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ამაში საკმაო წვლილი შეიტანა - ბოლო ტურში, საჩემპიონო მატჩში „მალიორკასთან“ დუბლი შეასრულა და „რეალს“ 3:1 მოაგებინა.

2007 წლის ზაფხულში მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავიდა და იქ 5 წელი დარჩა. ამავე პერიოდის ინტერვალში იყო ერთწლიანი იჯარა ლისაბონის „ბენფიკაში“. „როხიბლანკოში“ რეიესმა 154 თამაშში 14 გოლი გაიტანა, 2010 წელს კი ევროპა ლიგა მოიგო.

2010 წლის 27 აგვისტოს რეიესმა ევროპის სუპერთასზე მონაკოში, „ინტერის“ კარში გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა 2:0 მოიგო და ამ ტიტულსაც დაეუფლა. სხვათა შორის, ევროპის სუპერთასზე რეიესმა გოლი 2015 წელსაც გაიტანა, ამჯერად „სევილიას“ მაისურით „ბარსელონას“ კარში, მაგრამ მისი გუნდი დამარცხდა (4:5). ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ ეს თბილისში, „დინამო არენაზე“ მოხდა.

2012 წლის იანვარში ხოსე ანტონიო „სევილიაში“ დაბრუნდა, სადაც საფეხბურთო კარიერა დაიწყო. ანდალუზიაში ზედიზედ სამჯერ მოიგო ევროპა ლიგა და იმავე შედეგით თავს მხოლოდ ბეტო, კევინ გამეირო და ვიტოლო იწონებენ. საერთო ჯამში რეიესმა ევროპა ლიგა 5-ჯერ მოიგო. 2012 წელს, "ატლეტიკოში" გატარებული ნახევარი სეზონის მიუხედავად, ოქროს მედალი მაინც ერგო.

2016 წლის 28 ივნისს, „სევილიასთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ „რეიესმა“ ორწლიანი ხელშეკრულება „ესპანიოლთან“ გააფორმა. 2017 წლის 22 მაისს კი, კატალონელებმა გამოაცხადეს, რომ ფეხბურთელთან თანამშრომლობა სრულდებოდა. 2018 წლის 30 იანვარს ესპანელმა ბედი „კორდობას“ დაუკავშირა, სადაც ესპანეთის ლა ლიგა 2-ში 17 თამაში ჩაატარა.

ამის შემდეგ ითამაშა ჩინეთის მეორე დივიზიონში „ტიანშინის“ მაისურით და მალევე ესპანეთში დაბრუნდა. 2019 წლის ზამთარში რეიესი „ექსტრემადურას“ შეუერთდა, ისევ სეგუნდა დივიზიონის ბინადარ გუნდს. მიმდინარე წლის ინავრიდან მხოლოდ 9 თამაშის ჩატარება მოასწრო. კარიერის და ცხოვრების ბოლო თამაში კი, 18 მაისს, „ალკორკონთან“ გამართული მატჩი აღმოჩნდა. 1-ელ ივნისს, სევილია-უტრერას ავტომაგისტრალზე 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აქვე, ხოსე ანტონიო რეიესის ტიტულები:

ესპანეთის ჩემპიონი (2007), ინგლისის ჩემპიონი (2004), ინგლისის ასოციაციის თასი (2005), ინგლისის სუპერთასი (2005), პორტუგალიის თასი (2009), ევროპა ლიგა (2010, 2014, 2015, 2016), ევროპის სუპერთასი (2010), ევროპის 19 წლამდე ჩემპიონი (2002).

0.12119