საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან მარცხის დავიწყებას დუბლინში, ირლანდიის ნაკრებთან ეცდება. ირლანდია კი, ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდისთვის ყველაზე უხერხული მეტოქეა - არც მეტი, არც ნაკლები.
აქამდე, კელტებმა მიჯრით 8 თამაშის მოგება მოახერხეს საქართველოსთან და ოდენ ბოლოს, თბილისში გატყდა ნავსი (1:1). თუმცა, ეს მაინც ზღვაში წვეთია. ალბათ, არ გადავაჭრაბებთ თუ ვიტყვით, რომ ირლანდიის ნაკრებთან გამარჯვება უკვე გასცდა სატურნირო ცხრილის ფარგლებს და ღირსების საქმის სახეც მიიღო.
უბრალოდ, შეუძლებელია „კელტური ჯადო“ დაუსრულებლად გრძელდებოდეს. თანაც, ირლანდიის ნაკრები ბოლო დროს ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტს და რატომაც არა? დაუმარცხებელი გუნდი ნამდვილად არაა. მაგალითისთვის, თუ შვეიცარია მართლაც ძლიერი, დისციპლინირებული და გამოცდილი გუნდია, ირლანდია მას ნამდვილად ვერ გაუტოლდება.
ვაისის არჩევანი
მეკარე - ეს ალბათ ამ თამაშის წინ ერთადერთი პოზიციაა, სადაც კითხვის ნიშანი არ არსებობს. გიორგი ლორია კარგ ფორმაშია და ეს შვეიცარიასთანაც გამოჩნდა. ვაისი მას უპირობოდ ენდობა და რა გასაკვირია, რომ დუბლინშიც სასტარტოში იქნება.
დაცვა - დაცვის ხაზში ცვლილებებს უნდა ველოდოთ. ოთარ კაკაბაძე და გურამ კაშია ალბათ ისევ შეინარჩუნებენ სასტარტო პოზიციას, ხოლო სოლომონ კვირველია დაუბრუნდება ძირითად შემადგენლობას. შვეიცარიასთან მისი თადარიგში დარჩენა დიდი სიურპრიზი იყო და წესით სლოვაკმა ამჯერადაც იგივე ნაბიჯი არ უნდა გადადგას. აი, მარცხენა ფლანგზე ნამდვილად იქნება ცვლილება, რადგან ჯიმი ტაბიძე დაშავდა. ვინ შეცვლის მას? ორი ვარიანტია - გიორგი ნავალოვსკი, გამოცდილი, მაგრამ იდეალური ფორმისგან შორს მდგარი და გამოუცდელი, მაგრამ კარგ ფორმაში მყოფი ლევან ხარაბაძე. და მაინც, სწორედ „ციურიხის“ განაპირა მცველის დებიუტს ველოდებით.
ნახევარდაცვა - ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის დუეტი ამჯერადაც ხელშეუხებელი იქნება. ვაისმა წესით ამ ზონაში ცვლილება არ განახორციელოს, რადგან მაინც და მაინც დიდი არჩევანი ნამდვილად არ აქვს.
შემტევი სამეული - და ვინ შეუტევს? ვაკო გვილია ალბათ ჯანო ანანიძის არყოფნაში ისევ შუაში გაირჯება, ფორვარდს უკან. ერთ ფლანგზე ისევ ვაკო ყაზაიშვილის გამოჩენაა მოსალოდნელი. ის არაა სასურველ ფორმაში და შვეიცარიასთან ცუდი თამაში ჩაატარა. თუმცა, გამოცდილია და ვაისის დიდი ნდობაც აქვს. მეორე ფლანგზე? თორნიკე ოქრიაშვილი 90 წუთის სათამაშოდ მზად არაა და მის გამოჩენას ალბათ მხოლოდ შესვენების შემდეგ თუ დაველოდებით. გიორგი მერებაშვილს წინა შეხვედრა ტრავმის გამო გაუცდა, მაგრამ ახლა გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ალბათ სწორედ ის გავა პირველივე წუთიდან მოედანზე.
ფორვარდი - სავარაუდოდ, ძირითადში კვლავ გიორგი ქვილითაია გაირჯება. ის არაა იდეალურ ფიზიკურ კონდიციებში და შვეიცარიასთან მეორე ტაიმში დაღლა დაეტყო, მაგრამ ნაკლები შანსია სლოვაკმა ვატო არველაძე თავიდანვე სასტარტოში გაამწესოს, იგივე ითქმის ნიკა კაჭარავას შესახებაც.
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ირლანდიასთან (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ხარაბაძე; კანკავა, კვეკვესკირი; მერებაშვილი, გვილია, ყაზაიშვილი; ქვილითაია
ლაზარეთი
გიორგი ჩაკვეტაძე, ლაშა დვალი და ლევან მჭედლიძე თავიდანვე ცნობილი იყო, რომ დუბლინურ მატჩში ვერ ითამაშებდნენ. ახლა კი, ლაზარეთში ჯიმი ტაბიძე და ჯანო ანანიძეც აღმოჩნდნენ.
მეტოქე
ირლანდიის ნაკრებს კარგი დროება არ უდგას. ალბათ, ბოლო წლებში ყველაზე ცუდ პერიოდსაც განიცდის. ფიფას რეიტინგში მიკ მაკარტის გუნდი 34-ე ადგილზე იყოფება და 2018 წლის მუნდიალის ფინალურ ეტაპზეც ვერ მოახერხა გასვლა, პლეი-ოფში დანიასთან დამარცხდა. მერე იყო ერთა ლიგის გათამაშება, რომელიც მოუგებლად ჩაატარა (2 ფრე, 2 წაგება). შედეგად, გუნდი მარტინ ონილმა დატოვა და მიკ მაკარტი დაბრუნდა, რომელიც ირლანდიას 1996-2002 წლებში აქამდეც ავარჯიშებდა.
მაკარტის დაბრუნება მაინც და მაინც ხმაურიანი ვერ გამოდგა. ირლანდიამ შესარჩევი ეტაპი სამი ქულით დაიწყო, მაგრამ გიბრალტართან სტუმრად ოდენ 1:0 მოგება დიდი ვერაფერი საქმეა. თანაც, კელტებს არც განსაკუთრებულად ბევრი სახიფათო მომენტი შეუქმნიათ და იმითაც კმაყოფილები უნდა იყვნენ და მინიმალური ანგარიშით მაინც იმარჯვეს.
მიკ მაკარტის სავარაუდო თერთმეტმეული დღევანდელ შეხვედრაში ასეთი იქნება (4-1-4-1): რენდოლფი; კოულმენი, დაფი, ეგანი, სტივენსი; უელენი, დოჰერტი, ჰენდრიკი, ჰურიჰანი, ბრეიდი; მაკგოლდრიკი
წარსული მეტოქესთან
ირლანდიის ნაკრები ჩვენთვის კარგად ნაცნობია, მაგრამ რად გინდა?! – 9 მატჩი, 8 მარცხი და ერთადერთი ფრე. აქედან 8 ოფიციალური თამაში და ერთიც ამხანაგური. ჯერ სწორედ ამ სპარინგით დავიწყოთ – 2013 წლის ივნისში დუბლინში 4:0 წავაგეთ. ეს მატჩი ცუდად უნდა ახსენდებოდეს გიორგი ლორიას, რომელმაც მე-19 წუთზე წითელი ბარათი მიიღო და თითქმის მთელი თამაში საქართველოს ნაკრებს კაცნაკლულს მოუწია თამაში. გოლები კი რიჩარდ კეომ, საიმონ კოქსმა და რობი კინმა გაგვიტანეს. ამ უკანასკნელმა ეს ორჯერ გააკეთა.
რაც შეეხება ოფიციალურ მატჩებს: პირველად ჩვენი გზები ევრო 2004-ის შესარჩევში გადაიკვეთა: 2003 წლის 29 მარტს “მიხეილ მესხზე” სტუმრებმა ორჯერ იხეირეს: დემიენ დაფმა და გარი დოჰერტიმ. გადამწყვეტი გოლი დოჰერტიმ 84-ე წუთზე გაგვიტანა, არადა 62-ე წუთზე ლევან კობიაშვილის ულამაზესი ჯარიმით გათანაბრებაც მოვახერხეთ. იმავე წლის ივნისში კი, დუბლინში, 2:0 დაგვამარცხა მასპინძელმა გუნდმა: ჩვენს კარში გოლი ისევ გარი დოჰერტიმ შეაგდო, მასთან ერთად რობი კინმა.
შემდეგ ჯერი 2010 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე დადგა: 2008 წლის 6 სექტემბერს მაინცში “ვუმასპინძლეთ” კელტებს და კვლავ ვერაფერი გავაწყეთ. ლევან ყენიას გვიანმა გოლმა მხოლოდ ანგარიში დაასველა. ირლანდიელთაგან დოილმა და უელანმა იხეირეს.
დუბლინში კი, მეტი პრობლემა შევუქმენით მეტოქეს: პირველივე წუთზე ალექსანდრე იაშვილის გოლით წინ გავედით კარგა ხანს ვიგებდით. თუმცა, მერე საქმეში მსაჯი ჩაერია და 72-ე წუთზე ჩვენს კარში პენალტი მოიგონა, რომელიც რობი კინმა ზუსტად დაარტყა. დარჩენილ დროში “ჯვაროსნები” გატყდნენ და კინმა ხუთ წუთში დუბლი გაიფორმა - 1:2.
ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლიც უსიამოვნოდ გვახსენდება და მითუფრო ირლანდიასთან: თბილისში ეიდენ მაკგიდის დუბლს თორნიკე ოქრიაშვილის ულამაზესი გოლით ვუპასუხეთ, ხოლო დუბლინში, 2015 წლის 7 სექტემბერს, მინიმალურად წააგო კახა ცხადაძის ნაკრებმა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ჯონ უოლტერსმა 69-ე წუთზე გაიტანა.
ირლანდია მარადმწვანე მეტოქედ გვექცა, 2018 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლშიც ჩვენი მოწინააღდეგე იყო. ამჯერად, საქართველოს ნაკრებმა კელტებს ორივე თამაშში დიდი წინააღმდეგობა გაუწია.
2016 წლის 6 ოქტომბერს, დუბლინში, ვლადიმირ ვაისის გუნდი არაფერში ჩამოუვარდებოდა მეტოქეს და რიგ ეპიზოდებში აჯობა კიდეც. მარტო ის რად ღირს, რომ პირველ ტაიმში ორჯერ ძელმა გადაარჩინა ირლანდიელები. თუმცა, 56-ე წუთზ სეამუს კოულმენისგან ცოტა არ იყოს, კომიკური გოლი გავუშვით და ზედიზედ მერვე თამაში წავაგეთ ირლანდიასთან.
ნავსი, რომლის გატეხვას 14 წელი და 8 მატჩი ველოდებოდით, 2017 წლის 2 სექტემბერს გატყდა. შეინ დაფმა მეოთხე წუთზე დააწინაურა სტუმრები და თითქოს განგება კარგს არაფერს გვიქადდა, მაგრამ ზუსტად ნახევარ საათში ვაკო ყაზაიშვილმა გაათანაბრა და მერე ანგარში აღარ შეცვლილა. ირლანდიას კი, თბილისში დაკარგული ორი ქულა, მუნდიალის გარეშე დარჩენად დაუფასდა. საბოლოოდ, მარტინ ონილის გუნდი ლიდერ სერბეთს სწორედ ორი ქულით ჩამორჩა და პლეი-ოფში მოუწია მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლა, სადაც დანიასთან დამარცხდა. ეს კი, ჩვენთვის მაინც სასიამოვნო ამბავი იყო, რადგან ერთხელ მაინც მოვახერხეთ იმ ნაკრების გამწარება, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე უხერხული მეტოქეა ისტორიაში...
ბოლო პერიოდი
ირლანდიის ნაკრები
ირლანდია ბოლო დროს საშინელ ფეხბურთს თამაშობს და ამაზე შედეგებიც მოწმობენ. მიკ მაკარტის გუნდი სანამ უსუსტეს გიბრალტარს (1:0) მოუგებდა, იქამდე 6-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა და ბოლო ოთხ შეხვედრაში საერთოდაც გოლის გატანასაც ვერ ახერხებდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო ხუთ მატჩში ოდენ 1 გოლი აქვს გაშვებული. საერთოდაც, ბოლო 12 თამაშს თუ გადავხედავთ, ირლანდელთა სტატისტიკა საშინელია: 2 მოგება, 5 ფრე, 5 წაგება.
ირლანდიამ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეორე ადგილი დაიკავა და პლე-ოფში დანიას დაუპირისპირდა. აქ კი, კოპენჰაგენში უგოლო ფრეს გამორჩა, მაგრამ მერე შინ 1:5 განადგურდა და მუნდიალს მიღმა დარჩა. სწორედ ამ მატჩებიდნა იღებს სათავეს ირლანდიის ნაკრების მეტად უხეირო და უფერული ასპარეზობა. კრიზისი ერთა ლიგაზეც გაგრძელდა, სადაც კელტები დანიას ორჯერ დაუზავდნენ (0:0, 0:0), ხოლო უელსთან ორჯერ დამარცხდა (1:4, 0:1).
უშუალოდ საშინაო მატჩებს რაც შეეხება - მიკ მაკარტის გუნდმა ბოლო სამ შეხვედრაში, რომელიც დუბლინში ჩაატარა არათუ ვერ მოიგო, არამედ გოლიც ვერ გაიტანა (დანიასთან 0:0, უელსთან 0:1, ჩრდ. ირლანდიასთან 0:0). წარუმატებელი მატჩები იქამდეც იყო, მაგალითად წაგებები შინ სერბეთთან (0:1), დანიასთან (1:5) და ისლანდიასთან (0:1). თუმცა ხსენებული სამი მატჩის შუალედებში ასევე იყო გამარჯვებები მოლდოვასთან (2:0) და აშშ-სთან (2:1), ხოლო ფრე ავსტრიასთან (1:1).
ბოლო 10 საშინაო მატჩის სტატისტიკა ირლანდიისთვის ასეთია: 3 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება.
საქართველოს ნაკრები
საქართველოს ნაკრებს ბოლო დროს კარგი სერია ჰქონდა, რაც შვეიცარიასთან მარცხით ოდნავ გაფერმკთალდა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ბოლო 10 თამაშიდან 7 მოიგო, ერთხელ ფრეს დასჯერდა და ორჯერ დამარცხა.
ლუქსებურგთან სპარინგში და შვეიცარიასთან წაგება, ფრე ანდორასთან. აი, გამარჯვებებს რაც შეეხება, ორჯერ ყაზახეთთან, ორჯერ ლატვიასთან, ერთხელ ანდორასთან, მალტასთან და ესტონეთთან.
სტუმრად ქართველთა ბოლო 10 მატჩის სტატისტიკა ასეთია: 3 მოგება, 4 ფრე და 3 წაგება. ხსენებული გამარჯვება „ჯვაროსნებმა“ ესპანეთში (1:0), ყაზახეთსა (2:0) და ლატვიაში (3:0) მოიპოვეს, უელსს (1:1), მოლდოვას (2:2), ავსტრიასა (1:1) და ანდორას (1:1) კი დაუზავდნენ. რაც შეეხება სამ დამარცხებას, ლუქსემბურგთან (0:1), სერბეთთან (0:1) და ირლანდიასთან (0:1) ვერ მოახერხა თუნდაც ქულის მოპოვება. ბოლო გასვლითი მატჩი საქართველოს ნაკრებმა გასული წლის ივნისში ლექსემბურგში წააგო და მას შემდეგ სამი მატჩია დაუმარცხებელია (ყაზახეთი, ლატვია, ანდორა).
ვნახოთ, რა მოხდება დუბლინში. როგორც წერილის დასაწყისში აღვნიშნეთ, ირლანდიის ნაკრებთან გამარჯვების დრო უკვე კარგა ხანია დადგა და ეს ღირსების საკითხიც გახდა. ვლადიმირ ვაისის გუნდს ახლა ძალიან სჭირდება დუბლინიდან დადებითი შედეგით დაბრუნება, დანარჩენი კი „ავივა სთედიუმზე“ გამოჩნდება.