სხვა

13:58 | 14.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

თაქთაქიშვილის ვერცხლი მსოფლიოს ჩემპიონატზე

17 წლის ქართველი ძალოსანი ლაშა თაქთაქიშვილი (102 კგ.) აშშ-ს ქალაქ ლას ვეგასში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა.

თაქთაქიშვილმა ატაცში სამივე ცდა (123, 127, 130 კგ.) წარმატებით გამოიყენა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 154 და 160 კგ. დაძლია და აქაც ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.
ჩვენებურმა ორჭიდის ჯამი 290 კგ. მოაგროვა და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა. ლაშა მხოლოდ ბულგარელ სტეფჩო ჰრისტოვს ჩამორჩა, რომელმაც თავი 315 კგ-ს მოუყარა, ბრინჯაო კი აზერბაიჯანელ ალი შუქურლუს (280 კგ.) ერგო.
აღსანიშნავია, რომ თაქთაქიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის მედლებთან ერთად საქართველოს ორი რეკორდის დამყარებაც შეძლო. მან ატაცში თავისივე მიღწევა 3 კილოგრამით გააუმჯობესა და ამდენივეთი გადააჭარბა რეკორდს ორჭიდშიც.
შეგახსენებთ, რომ ორიოდ დღის წინ მსოფლიო პირველობაზე თავის გამოჩენა გურამ გიორბელიძემაც (67 კგ.) მოახერხა, რომელმაც აკვრასა და ორჭიდში ასევე ვერცხლის მედლები დაისაკუთრა.

0.117256