ფეხბურთი

12:52 | 9.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

წარდგენა - უცნობი და ნაცნობი გიბრალტარი
გიბრალტარის ნაკრები

მასთან ყველა გამარჯვებას გეგმავს - ეს გიბრალტარის ნაკრებია, რომელიც D ჯგუფის გამოკვეთილი აუსტაიდერია. WORLDSPORT.GE აგრძელებს საქართველოს ნაკრების მეტოქეთა წარდგენას და როგორც უკვე გითხარით, ამჯერად გიბრალტარის ნაკრებზე ვისაუბრებთ.

რა თქმა უნდა, მოსაყოლი იმდენი არაა, როგორც დანიის ან შვეიცარიის შემთხვევაში, მაგრამ მაინც... სხვათა შორის, გიბრალტარის ნაკრები სულ რაღაც ორ შესარჩევ ეტაპ გამოვლილია და ბევრისთვის უცნობი გუნდია, მაგრამ საქართველომ უკვე ორჯერ მოასწრო მის წინააღდეგ თამაში და გარკვეული წარმოდგენას მომავალ მეტოქეზე ფლობს.

გიბრალტარი ფიფასა და უეფას წევრი 2013 წლის მაისში გახდა და შესაბამისად, ჯერ პირველ ნაბიჯებს დგამს.

ევროპის ჩემპიონატი

ბუნებრივია, გიბრალტარს ფინალურ ეტაპზე არასდროს უთამაშია. მეტიც, უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ერთადერთხელ მონაწილეობდა და მაშინაც საქართველოს ნაკრების მეტოქე იყო. „ჯვაროსნების“ გარდა, გიბრალტარს გერმანიასთან, პოლონეთთან, ირლანდიასთან და შოტლანდიასთან მოუწია დაპირისპირება.

ეს, ევრო 2016-ის შესარჩევში, სადაც 10-დან 10 თამაში წააგო და გაუშვა 56 გოლი... თუმცა, ისტორიული ფაქტი მაინც მოხდა, რადგან სადებიუტო გოლი გაიტანა და საერთოდაც, შესარჩევი ეტაპი 2 გოლით დაასრულა (ერთი პოლონეთს გაუტანა, მეორე შოტლანდიას).

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზეც ყველა, ათივე შეხვედრა წააგო, მაგრამ ბურთების ბალანსი გააუმჯობესა. ამჯერად, 3 გოლი გაიტანა (საბერძნეთთან და კვირპოსთან ორჯერ), ხოლო გაუშვა 9 გოლით ნაკლები (47), ვიდრე წინა შესარჩევ ეტაპზე.

მისი მეტოქეები კი, საბერძნეთი, კვიპროსი, ბელგია, ესტონეთი და ბოსნია იყვნენ.

ერთა ლიგა

გიბრალტარის ნაკრებმა ისტორია ერთა ლიგის გათამაშებაში დაწერა. მართალია, უსუსტესი D დივიზიონის პლეი-ოფში გასვლა ვერ მოახერხა, მაგრამ ხალხი მაინც აალაპარაკა და რაც მთავარია, ორი თამაში მოიგო.

მაკედონიასთან, სომხეთთან და ლიხტენშტაინთან ჭიდილში 6 ქულა დააგროვა და საპატიო, მესამე ადგილი დაიკავა. ისტორიული მატჩი კი, ერევანში შედგა, სადაც გიბრალტარმა ისტორიაში პირველი ოფიციალური თამაში მოიგო. ამას მოჰყვა ზედიზედ მეორე გამარჯვება, ამჯერად საკუთარ მოედანზე ლიხტენშტაინის ნაკრებთან (2:1).

გიბრალტარის 2018 წელი

გიბრალტარის ნაკრებმა 2018 წელს 7 შეხვედრა ჩაატარა და 3 მოიგო! ეს მართლაც ისტორიული შედეგია თუ გადავხედავთამ გუნდის ხანმოკლე წარსულს. ოფიციალურ მატჩებში, სომხეთთან და ლიხტენშტაინთან გამარჯვებების გარდა, იყო სპარინში ლატვიის ძლევა (1:0).

აი, 4 მატჩი კი მეტოქეთა გამარჯვებით დასრულდა.

ბარემ, აქვე შვიდივე შეხვედრის შესახებ:

სპარინგი: გიბრალტარი - ლატვია 1:0 (უოლკერი)

ერთა ლიგა: გიბრალტარი - მაკედონია 0:2

ერთა ლიგა: ლიხტენშტაინი - გიბრალტარი 2:0

ერთა ლიგა: სომხეთი - გიბრალტარი 0:1 (ჩიპოლინა)

ერთა ლიგა: გიბრალტარი - ლიხტენშტაინი 2:1 (კაბრერა, ჩიპოლინა)

ერთა ლიგა: გიბრალტარი - სომხეთი 2:6 (დე ბარი, პრისტლი)

ერთა ლიგა: მაკედონია - გიბრალტარი 4:0

აქვე გეტყვით, რომ გიბრალტარის ნაკრებს ისტორიაში 7 მატჩი არ აქვს წაგებული. 4 გამარჯვება (მალტა, ლატვია, სომხეთი, ლიხტენშტაინი) და 3 ფრე (სლოვაკეთი, ესტონეთი, ლიხტენშტაინი)

მწვრთნელი

გიბრალტარის ნაკრებს ურუგვაელი ხულიო სეზარ რიბასი წვრთნის, რომელმაც მიმდინარე წელს ჩაიბარა და სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიგო გუნდმა ორი ოფიციალური თამაში. რიბასი გიბრალტარში საფეხბურთო კლუბ „ლინკოლნში“ 2016-2018 წლებში მუშაობდა და სწორედ იქედან ჩაიბარა ეროვნული ნაკრები.

61 წლის სპეციალისტს თავსი დროზე არაერთ გუნდში უმუშავია. ძირითადად სამშობლოში, სადაც სხვა და სხვა პერიოდში „ბელა ვისტას“, „დეპორტივო მალდონადოსა“ და რაც მთავარია, „პენიაროლს“ ავარჯიშებდა. მცირე პერიოდით იყო ომანის ნაკრების დამრიგებელიც.

სამწვრთნელო კარიერამდე იყო საფეხბურთო კარიერაც. და, გაცილებით წარმატებულიც. პოზიციით ნახევარმცველმა რიბასმა ძირითადად ურუგვაულ გუნდებში ითამაშა, მათ შორის 1977-1979 წლებში მონტევიდეოს „ნასიონალში“. 1981 წელს კი „ხიმნასია ლა პლატას“ მაისურით მოედანზე 27-ჯერ გავიდა. უთამაშია ურუგვაის ნაკრებშიც, რომლის ღირსება 15 მატჩში დაუცვა.

კონტიგენტი და ვარსკვლავი

დავიწყოთ იქედან, რომ ძალიან რთულია გიბრალტარის ნაკრებში „ვარსკვლავი ვინმეს უწოდო. ყველა მოყვარული მოთამაშეა და ამიტომ, ამ შეფასებისგან თავს შევიკავებთ.

ზოგადად, შემადგენლობას რაც შეეხება, ძირითადად ადგილობრივ გუნდებში თამაშობენ. თუმცა არიან ლეგიონერები ინგლსისის დაბალი ლიგის გუნდებიდანაც...

გიბრალტარი საქართველოსთან

ჯგუფში ერთადერთი მეტოქე, რომელთანაც საქართველოს ნაკრებს დადებითი ბალანსი გააჩნია, გიბრალტარია. ამ გუნდების გზა ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში გადაიკვეთა და „ჯვაროსნებმა“ ორივე მატჩში უპრობლემოდ გაიმარჯვეს.

2014 წლის 14 ოქტომბერს, ჩვენი ქვეყნის მთავარმა გუნდმა სტუმრად 3:0 მოიგო. ნიკა გელაშვილმა (მე-9 წუთი), თორნიკე ოქრიაშვილმა (მე-19 წუთი) და ჯაბა კანკავა (69-ე წუთი) გაიტანეს გოლები.

საპასუხო თამაში კი „დინამო არენაზე“ 2015 წლის 8 ოქტომბერს გაიმართა და ქართველებს ამჯერადაც არ ჰქონიათ პრობლემები - 4:0. მათე ვაწაძემ დუბლი შეასრულა პირველივე ტაიმში. მის გარდა თავი თორნიკე ოქრიაშვილმა და ვაკო ყაზაიშვილმა გამოიჩინეს.

კალენდარი

III ტური, 7 ივნისი. საქართველო - გიბრალტარი

VI ტური, 15 ოქტომბერი. გიბრალტარი - საქართველო

ზოგადი ინფორმაცია

ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში

ლიამ უოლკერი (2013-) – 35 თამაში, 2 გოლი

იოსეფ ჩიპოლინია (2013-) – 32 თამაში, 2 გოლი

როი ჩიპოლინა (2013-) – 32 თამაში, 1 გოლი

ჟან-კარლოს გარსია (2014-) – 26 თამაში, 0 გოლი

ლი კაშარო (2014-) – 25 თამაში, 2 გოლი

საუკეთესო ბომბარდირები

ჯეკ გოსლინგი (2014-) – 12 თამაში, 2 გოლი

ლი კაშარო (2014-) – 25 თამაში, 2 გოლი

იოსეფ ჩიპოლინია (2013-) – 32 თამაში, 2 გოლი

ლიამ უოლკერი (2013-) – 35 თამაში, 2 გოლი

ტიაი დე ბარი (2018-) – 6 თამაში 1 გოლი

სამწვრთნელი შტაბი

მთავარი მწვრთნელი: ხულიო სეზარ რიბასი

მწვრთნელის ასისტენტები: სტეფენ ჰედი, დევიდ ოჩელიო

მეკარეების მწვრთნელები: ლი ჰარისონი, მაიკლ ლეონარდო

ფიფას რეიტინგი:194-ე ადგილი

0.135342